ვინ არის ამერიკელი მილიარდერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას სთხოვენ

მსოფლიო მას როგორც კომპანია Tesla Motors-ის მფლობელსა და დამფუძნებელს იცნობს.

წლების განმავლობაში ამ ადამიანმა ყველაზე თავქარიანი (ამ სიტყვის კარგი გაგებით) ბიზნესმენის სტატუსი მოიხვეჭა. ის არ ერევა შოუბიზნეში და ძვირადღირებულ "სათამაშოებში" ფულს არ ფლანგავს - ის მეოცნებეა. მეოცნებე, რომელიც მომავალს დღეს ქმნის. მასკის ინოვაციური პროექტები კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

ბურღვა

მასკის უკანასკნელი ამბიციური გეგმა მიწის საბურღ სამუშაოებს ეხება. პროექტის შესახებ მან Twitter-შიც დაწერა: "ეს საცობები მე გამაგიჟებს. მე ვაპირებს მიწის საბურღი მანქანის აწყობას და მიწის თხრის დაწყებას". მასკმა ახალ წამოწყებას სლოგანიც მოუფიქრა Boring, itʼs what we do - ბურღვა, აი რას ვაკეთებთ ჩვენ. მან საკუთარი ძირითადი პროექტების სიაში შესაბამისი შესწორება უკვე შეიტანა: Tesla, SpaceX, Tunnels (yes, tunnels) & OpenAI. სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამ პროექტზე ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

OpenAI

ილონ მასკის თქმით, მის მისწრაფებებსა და იდეებზე უდიდესი შთაბეჭდილება ამერიკელმა მწერალმა-ფანტასტმა აიზეკ აზიმოვმა მოახდინა. ამერიკელი მილიარდერის დაინტერესება ხელოვნური ინტელექტის მიმართ სწორედ აიზიმოვის წიგნებმა განაპირობა. მასკის მიერ დაარსებული კომპანია OpenAI სწორედ ხელოვნური ინტელექტის შექმნით არის დაკავებული. ამ ეტაპზე კომპანია, რომლის შტატიც 10-მდე ადამიანს ითვლის, რაიმე კონკრეტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.

Hyperloop

ვაკუუმში მოძრავი ელექტრომატარებლების იდეა მასკმა 2012 წელს წამოაყენა. საკუთარი წინადადება მან აშშ-ის მთავრობის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტის California High-Speed Rail საპასუხოდ წამოაყენა. გეგმით, ახალმა რკინიგზამ 2029 წლისთვის ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო უნდა დააკავშიროს. ილონმა პროექტი მკაცრად გააკრიტიკა და მას ყველაზე ნელი (322 კმ/სთ) და ყველაზე ძვირადღირებული (68,4 მლრდ დოლარი) რკინიგზა უწოდა.

2013 წელს მან ძალზე თამამი და ინოვაციური პროექტი Hyperloop წარმოადგინა. პრეზენტაციამ 58 ფურცელი მოიცვა. აღწერის თანახმად ადამიანები სპეციალური კაფსულით იმგზავრებენ, რომელიც თავის მხრივ, ვაკუუმში გადაადგილების შედეგად თვითმფრინავებზე ორჯერ და ჩქაროსნულ მატარებლებზე 3-4-ჯერ სწრაფად იმოძრავებს. ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე არსებული 561 კმ-იან მონაკვეთს უცნაური მატარებელი 30 წთ-ში დაფარავს. პროექტს ფინანსური მხარეც ახლდა, სადაც მოყვანილი ციფრებით მასკი ამტკიცებდა, რომ მისი რკინიგზა California High-Speed Rail-ზე 10-ჯერ იაფი იქნებოდა.

2016 წლის მარტში ვაკუუმური მატარებლის პირველი გამოცდა ჩატარდა. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას მაკეტმა მხოლოდ 1 წმ მოანდომა.

SpaceX

2002 წელს დაარსებულმა SpaceX-მა საყოველთაო ცნობა 2008 წელს NASA-სთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიპოვა. კომპანიის მიზანი კოსმოური ფრენების ხელმისაწვდომობა და მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების შექმნაა. SpaceX-ის ინჟინრებმა უკვე შექმნეს Falcon 1 და Falcon 9-ის ტიპის რაკეტები და სატვირთო კოსმოსური ხომალდი Dragon.

2010 წელს Dragon-მა დედამიწის ორბიტაზე წარმატებით იმოგზაურა. ორი წლის შემდეგ კი ის პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელიც საერთაშორისო ორბიტულ სადგურს შეუერთდა.

ილონ მასკისთვის SpaceX-ი ხელმისაწვდომ კოსმოსთან ერთად, სხვა პლანეტების შესწავლის შესაძლებლობაც არის. ის მარსის კოლონიზაციის იდეით არის შეპყრობილი. 2016 იანვარში მან განაცხადა, რომ 2020-2025 წლისთვის მარსზე პირველ ადამიანს გაგზავნის - "ადრე თუ გვიან ჩვენ ამ მოლურჯო-მოცისფრო სფეროს ფარგლებს უნდა გავცდეთ".

Tesla Motors

ინოვაციურობის მიუხედავად, ზედიზედ უკვე ხუთი წლის განმავლობაში Tesla Motors წაგებაზე მუშაობს. 2015 წელს ფინანსურმა ზარალმა რეკორდულ მაჩვენებელს - 900 მლნ დოლარს მიაღწია. წაგების მიუხედავად, მასკის Tesla Motors-ი მთავრობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს: საგადასახადო შეღავათები ნევადას შტატისგან, ელექტროქარების მხარდამჭერი კანონპროექტის ფარგლებში კალიფორნიის შტატისგან მიღებული 500 მლნ დოლარი, 465 მლნ დოლარიანი კრედიტი აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსგან. თუმცა შემდეგი ეტაპი ყველაზე შთამბეჭდავია - ახლადარჩეული დონალდ ტრამპი მასკის დანიშნვას ეკონომიკის დარგში მრჩევლოს პოზიციაზე აპირებს.

რამდენიმე წელიწადში Tesla Motors-ი წელიწადში ნახევარი მილიონი ელექტროქარის გამოშვებას და წარმოების გაფართოებას აპირებს. ასევე გაუქმდება Tesla-ს სადგურებზე ელექტროქარების უფასო დამუხტვის სერვისიც.

X.com

ახლა ჩვენ სტატიის ყველაზე საინტერესო ნაწილამდე - მასკის იმპერიის სათავემდე მივედით. 1996 წელს, ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა გამომგონებელმა კომპანია Zip2 დაარსა. ის საინფორმაციო სააგენტოებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდა. სამ წელიწადში მასკმა კომპანია 308 მლნ დოლარად გაყიდა. მიღებული თანხის ნაწილი მან X.com პროექტში ჩადო, რომელიც პერსონალური ელექტრონული ფულადი გზავნილების უსაფრთხოებით იყო დაკავებული.

2000 წელს X.com-ი ფირმა Confinity-სთან გაერთიანდა, რომლის ერთ-ერთ განყოფილებას PayPal-ი ერქვა. ახალი ალიანსი წარმატებით მოქმედებდა, თუმცა ბრენდთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, დირექტორთა საბჭომ ილონ მასკი საქმეს ჩამოაშორა. საბოლოოდ მთლიან კომპანიას PayPal-ი უწოდეს და 2002 წელს 1,5 მლრდ დოლარად გაყიდეს. 11,7 %-ის აქციების მფლობელმა ილონმა კუთვნილი 165 მლნ დოლარი მიიღო. კოსმოსური SpaceX-ისა და ელექტროგიგანტ Tesla-ს საწყისი კაპიტალი სწორედ ეს 165 მლნ გახდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE