ირაკლი პეტრიაშვილი - სასამართლო დავებით 286 000 ლარი მიიღეს ადამიანებმა, რომელთა უფლებებიც შელახული იყო

სასამართლო დავებით, 286 000 ლარი მიიღეს ადამიანებმა, რომელთა უფლებები იყო შელახული, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების წლიური ანგარიშის შეჯამებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პროფკავშირები 2016 წლის საქმიანობას აჯამებს. პრეზენტაციაზე რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სოციალურ დიალოგს და მის განვითარებას საქართველოში. ასევე პროფკავშირების სამართლებრივ საქმიანობას, იურიდიულ მომსახურეობას და მოგებულ დავებს. ასევე საქართველოს პროფესიული კავშირის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელებს.

„ანგარიშში მოხვედრილია პროფკავშირის წევრების დევნა ბევრ საწარმოში, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზაში“, „საქართველოს ფოსტასა“ და „ევექსში“. სასამართლოს დავებით 2016 წელს 286 000 ლარი მიიღეს ადამიანებმა, რომელთა უფლებები იყო შელახული. აქ საუბარია როგორც შრომის ინსპექციაზე, ასევე სოციალურ დიალოგზე, რომელიც ქვეყანაში ფიქტიურია. ასევე პრეზენტაციაზე საუბარია საერთაშორისო კუთხით მიღწევებზე“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების თავმჯდომარემ 2017 წლის გამოწვევებსა და მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება შრომითი უფლებების შელახვა.

„2017 წელს მთავარი გამოწვევა იქნება სასამართლო დავები, რომელიც შეეხება სამსახურებიდან შემცირებულ ადამიანებს და საქართველოს პროფკავშირი მათ მოემსახურება, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა მათგანი ან აღდგება სამსახურში, ან კომპენსაციას მიიღებს. ამავე დროს, გამოწვევა 2017 წელს იქნება ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული აქტივობები“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.