ე.წ.ბორბლებზე მდგომი სავაჭრო ობიექტების მფლობელები დედაქალაქში პარკირების ადგილებზე, ვაჭრობას ვეღარ განახორციელებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გუშინ საკრებულოს მიერ სხდომაზე პარკირების წესში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გარკვეული შეზღუდვა პარკირების ადგილებზე მყოფ ე.წ.ბორბლებზე მდგომ სავაჭრო ობიექტების მფლობელებსაც შეეხებათ.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში პარკირების ადგილებზე მომრავლდა ე.წ.ბორბლებზე მდგომი სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ქუჩების იერსახეს აზიანებენ.
მისივე თქმით, ამ ტიპის ვაჭრობისათვის შეზღუდვები გათვალისწინებული არ იყო, 1-ლი იანვრიდან კი მათთვის გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება, რადგანაც ასეთი ტიპის ობიექტები ქუჩის იერსახეს აზიანებენ და გარდა ამისა, ისინი ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადს არ იხდიან.
„ამ ობიექტების სხვაგან განსათავსებლად არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები. კერძოდ, მათ შეუძლიათ იჯარით აიღონ სხვადასხვა მუნიციპალური ტერიტორიები და ამის შემდეგ განახორციელონ თავისი ეკონომიკური საქმიანობა. ასეთი ტიპის ობიექტები ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა არანაირ გადასახადს ამ მიმართულებით არ იხდიან. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება საჭიროებს მოწესრიგებას და პარკირების წესში ცვლილებაც ამ მიზნით განხორციელდა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.