სერგო რატიანი სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასის მინიმუმ 800 ლარამდე გაზრდას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი განათლების მინისტრს მოუწოდებს, ბრძანებაში, რომელიც არეგულირებს მასწავლებელთა ხელფასის საკითხს, შევიდეს ცვლილება და სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე გაიცეს 800 ლარი ან მეტი.

როგორც სერგო რატიანმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა დამოკიდებულია არა სერტიფიცირებულობაზე, არამედ იმაზე, სკოლა მისცემს თუ არა სამუშაო საათებს, რაც დეპუტატის აზრით, პარადოქსულია.

უმცირესობის წევრის თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირება მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით არის „ჩვეულებრივი ტყუილი“.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ განათლების მიმართულებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პოპულარული დაპირება იყო ის, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი იქნებოდა 800 ლარი. საერთო ჯამში, ქვეყანაში 60 ათასამდე მასწავლებელია, აქედან, 43 ათასს არ გაზრდია ხელფასი, შესაბამისად ეს დაპირება იყო ჩვეულებრივი ტყუილი. საკითხი გაცილებით პრობლემურია, რადგან ჩვენ გვყავს 15 ათასი მასწავლებელი, რომელიც რეალურად, არის სერტიფიცირებული და შეიძლება ჰქონდეს 800 ლარი და მეტი, მაგრამ რადგანაც ხელფასი მიბმულია არა სერტიფიცირებაზე, არა იმაზე, რომ მასწავლებელმა ჩააბარა გამოცდა, აქვს სერტიფიკატი და სკოლამ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჰქონდეს სრული დატვირთვა, არამედ იმაზე, რომ არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ხელფასი მიბმულია მასწავლებლის დატვირთვაზე და ეს ქმნის პარადოქსულ ვითარებას. 15 ათასი სერტიფიცირებული მასწავლებლიდან 800 ლარს და მეტს იღებს მხოლოდ 8 ათასი მასწავლებელი. გამოდის, რომ 60 ათასი მასწავლებლიდან, რეალურად 14% იღებს 800 ლარს და მეტს. ეს არის ცუდი პრაქტიკა, არ უწყობს ხელს, რომ მოტივაცია ჰქონდეს მასწავლებელს სერტიფიკატის გამოცდის ჩაბარების. თუ მას სკოლამ და სახელმწიფომ არ შეუვსო საათები, მასწავლებელს არ ეზრდება ხელფასი.

იმ ბრძანებაში, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს, მოვითხოვთ, განათლების მინისტრმა შეიტანოს ცვლილება და ხელფასი დაკავშირებული იყოს სერტიფიცირებაზე და აქედან გამომდინარე, მასწავლებლებს მიეცეთ ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ განუსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი რეალური ტყუილი და საზოგადოებისთვის ნაცრის შეყრა“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანმა განათლების სამინისტროს საყვედურითაც მიმართა და მოუწოდა, ოფიციალურ წერილებზე პასუხის გაცემა არ დააგვიანონ.