საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის აზრით, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრივატიზაციას „კორუფციის სუნი ასდის“ და პრივატიზაციის პროცესის სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს.
როგორც გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, პრივატიზაცია ბევრი მიმართულებით ფერხდება და მაშინ, როდესაც უამრავი საპრივატიზაციო ქონება ხელუხლებელია, ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა ისეთი ობიექტის გაყიდვა, რომელიც არის ერთადერთი და ემსახურება ჯანდაცვის სფეროს - ეს არის ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო.
„ამ პრივატიზაციას კორუფციის სუნი ასდის და რატომ? ჯერ ერთი, ჯანდაცვის სფეროში მთელი სექტორი ფაქტობრივად, კერძო მფლობელობაშია და ეს უდიდესი მიღწევაა. არავინ ეწინააღმდეგება პრივატიზაციას, მაგრამ ცხადდება ტენდერი და მისი ვადა არის მხოლოდ ორი კვირა - 16 დეკემბერს გამოცხადდა და 30 დეკემბერს უნდა გაიყიდოს. ხშირ შემთხვევაში ირიბი ინდიკატორია წინასაახალწლოდ ობიექტის გაყიდვა და ბოლო დღეს კონკურენტების მოცილების მარტივი გზა არის. იქნებ ვინმემ თქვას, რომ ამის გაყიდვით შეიძლება რეგიონში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. მაშინ გადავხედოთ სატენდერო პირობებს - იყიდება 100 000 ლარად, ერთოთახიანი ბინის ფასად. იქნებ შეკითხვა იყოს სხვანაირად - იქნებ ინვესტიციებს ახორციელებს ვინც ყიდილობსო (და ვინც ყიდულობს, როგორც ჩანს, უკვე წინასწარ არის ცნობილი)? საინვესტიციო ვალდებულება არის 3 წელიწადში 1 მილიონი ლარი. ამ გაუფასურებული ლარის პირობებში ეს ეყოფა კედლების შეღებვას და კოსმეტიკურ რემონტს. რაც ყველაზე სავალალოა, არ არის მოთხოვნა, რომ ერთადერთი ამ პროფილის კლინიკა შენარჩუნებული იყოს თავისი პროფილით. ამ ტერიტორიაზე, რომელიც არის 25 000 კვ. მიწა, შეიძლება ააშენონ ნებისმიერი რამ და ეს გამოყენებული იქნება, როგორც ჩანს, ბინათმშენებლობისთვის. თუ პროფილი შენარჩუნდებოდა, არავითარი პრეტენზია და კრიტიკა არ გვექნებოდა“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, პრივატიზაციის პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს და გამოცხადდეს ახალი ტენდერი ახალი პირობებით, სადაც დაცული იქნება პროფილის შენარჩუნების პირობა.