ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პარმენ მარგველაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ონში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროდან იუწყებიან, ქალაქ ონის გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს ონში მცხოვრები 1 855 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ონის სრული გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში 38562მ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი აშენდა. სამუშაოები საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა და პროექტის ღირებულებამ 2 მლნ 900 ათასი ლარი შეადგინა.
ქალაქ ონის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის #153-ე განკარგულების საფუძველზე განახორციელა.
სამინისტროს ინფორმაციით, გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.
ამასთან, 2014წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.