ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით სავარაუდოდ ტენდერი შეჩერდება, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ტენდერის შეჩერებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
”ეს ცნობილი გახდა გუშინ. ეს ჯანდაცვის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული არ იყო. ახლა ხდება მოლაპარაკება აჭარის მინისტრთა საბჭოსთან იმის თაობაზე, რომ შეჩერდეს ტენდერი და ეს პროცესი მომავალში გამჭვირვალედ წარიმართოს”, - განაცხადა ზოიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის აზრით, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრივატიზაციას „კორუფციის სუნი ასდის“ და პრივატიზაციის პროცესის სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს.
როგორც გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, პრივატიზაცია ბევრი მიმართულებით ფერხდება და მაშინ, როდესაც უამრავი საპრივატიზაციო ქონება ხელუხლებელია, ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა ისეთი ობიექტის გაყიდვა, რომელიც არის ერთადერთი და ემსახურება ჯანდაცვის სფეროს - ეს არის ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო.