ინფორმაცია, რომ „თიბისი ჯგუფი“ სადაზღვევო ბიზნესში შესვლას აპირებს, პრესაში უკვე რამდენიმე თვეა ჩნდება. 2016 წლის ოქტომბერში ამ ჯგუფმა იყიდა კომპანია „კოპენბური“, რომელიც ძირითადად ავტოდაზღვევის სფეროში საქმიანობდა და ამ დღეებში „კოპენბურის“ რებრენდინგის დასრულების შესახებაც განაცხადა. კომპანია „თიბისი დაზღვევის“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას. ძველი კლიენტებისთვის მომსახურების პირობები არ იცვლება, რაც შეეხება ახალ მომხმარებლებს, სადაზღვევო პროდუქტების შეძენა „თიბისი დაზღვევის“ ოფისებში მათ უკვე შეუძლიათ. 2017 წლის 3 იანვრიდან კი, ეს პროდუქტები „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი. „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის არის ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის, ტვირთების, უმუშევრობის, სამოგზაურო დაზღვევა და ა.შ... მომავალში „თიბისი დაზღვევა“ აპირებს გააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების არეალი და შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს ახალი დაუმატოს. „თიბისი ჯგუფის“ სადაზღვეო ბიზნესში შესვლის გადაწყვეტილებას ეკონომისტები განსხვავებულად აფასებენ, თუმცა ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ საკუთარ კლიენტებზე კონცენტრირების შემთხვევაშიც კი, „თიბისი ჯგუფი“ საკმაოდ კარგ პორტფელს ჩამოაყალიბებს. მით უმეტეს, რომ სადაზღვევო სექტორი არაპროფილურ აქტივებს შორის არ სახელდება და ეს სავსებით კანონიერი გადაწყვეტილებაა.
საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ „თიბისი ჯგუფის“ გააქტიურება სადაზღვევო სექტორში კონკურენციას გაზრდის და სიტუაციას გამოაცოცხლებს, რაც ცუდი სულაც არ იქნება.
დევი ხეჩინაშვილი: „თიბისი ბანკს“ სადაზღვევო ბიზნესში საქმიანობის გამოცდილება აქვს: წლების წინ ეს ბანკი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი იყო „ჯიპიაი ჰოლდინგში“. მერე ეს წილი თანდათან შემცირდა... როგორც ჩანს, „თიბისი ჯგუფში“ გადაწყვიტეს, რომ სადაზღვევო ბიზნესში გააქტიურების დროა და ეს ნაბიჯი გადადგეს. სადაზღვევო და საბანკო ბიზნესის თანამფლობელობა მთელ მსოფლიოში მიღებული ნორმაა. რომ გადახედოთ მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებს, აღმოაჩენთ, რომ თანამფლობელობა მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგ შემთხვევაში ბანკები ფლობენ სადაზღვევო კომპანიებს, ზოგ შემთხვევაში კი - პირიქით ხდება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ „თიბისი ჯგუფის“ ჩართვა ამ ბიზნესში ჩვეულებრივი მოვლენად უნდა აღვიქვათ. მით უმეტეს, რომ საბანკო არხებით დაზღვევის პროდუქტების გაყიდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სადაზღვევო პროდუქტი რთული პროდუქტია, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე და მას ე.წ. დრაივერები ანუ ლოკომოტივები სჭირდება. ჩვენი მთავრობა იშვიათად იყენებს სადაზღვევო ინსტრუმენტებს, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერძო დრაივერი სწორედ ბანკია“.
დევი ხეჩინაშვილის თქმით, როგორც ჩანს, „თიბისი ბანკშიც“ სჯერათ, რომ დღევანდელი მიდგომა დაზღვევისადმი შეიცვლება და სახელმწიფო რისკების მართვას სადაზღვევო ინსტიტუტებით დაიწყებს.
„იმედს არ ვკარგავ, რომ ბოლოსდაბოლოს გვექნება ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის კანონი და ავტოდაზღვევაც განვითარდება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელსაც ეს კანონი არა აქვს. ბოლო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, რომელმაც ეს შემოიღო, ჩვენ კი ჯიუტად ვხუჭავთ თვალს იმაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეიძლება ადამიანი ხეიბარი გახდეს, ამიტომ დაზღვევის ამ მიმართულების განვითარება აუცილებელია. ავტოდაზღვევა წლების განმავლობაში არ ვითარდება და სულ რაღაც 50 ათასი ავტომანქანის ირგვლივ ტრიალებს. კარგი იქნება, თუ „თიბისი დაზღვევა“ ამ მიმართულებას განავითარებს. „თიბისი ჯგუფის“ დაინტერესება სადაზღვევო სფეროთი დადებითი მოვლენაა და ამის წყალობით ალბათ მეტი საინტერესო პროდუქტი გაჩნდება. შესაძლოა, ავტოკრედიტები გაააქტიურონ, რადგან ამ პროდუქტის წილი ქართულ სადაზღვევო ბიზნესში ძალზე მწირია“ .- ამბობს ხეჩინაშვილი.
„თიბისი დაზღვევის“ შემოღებას დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი, პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილიც. „სადაზღვევო ბიზნესი დღეს ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც სიცოცხლის დაზღვევა სახელმწიფოს ხელში გადავიდა, კერძო სადაზღვვეო კომპანიებს გარკვეული სირთულეები წარმოექმნათ. ეს ბუნებრივია, რადგან რადგან მათი პროდუქტის დიდი ნაწილი სწორედ სიცოცხლის დაზღვევას ეხებოდა. მომავალში სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ მეტი დივერსფიცირება თავის გადასარჩენად. საბანკო კაპიტალის ჩართვამ სადაზღვევო ბიზნესში შესაძლებელია ეს ბიზნესი ძალიან გამოაცოცხლოს და ეს კარგია. კომერციულ ბანკებს სჭირდებათ გაცემული კრედიტებისა და სესხების დაზღვევა და სადაზღვევო კომპანიები უფრო განამტკიცებენ და სტაბილურს გახდიან საბანკო კაპიტალის მოძრაობას“.
მიხეილ თოქმაჯიშვილის თქმით, საზოგადოებაში არსებობს შიში, უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ეს სიახლე საბანკო კაპიტალზე და მთლიანად ქართულ, ბაზარზე, მაგრამ ამის საშიშროება არ არსებობს: „პირიქით ეს შერწყმა ბაზრის სტაბილურობას უფრო შეუწყობს ხელს. ბანკებს აინტერესებთ დაიცვან თავიანთი კაპიტალი, მეორე მხრივ, სადაზღვვეო კომპანიებსაც თავისი ავტონომიურობა ექნებათ, რადგან ეს იქნება ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ორი ინსტიტუტი. ჩემი აზრით, „თიბისი ბანკის“ მიერ სადაზღვევო სფეროში ჩართვა ამ სფეროს დადებით ეფექტს მოუტანს“.
ხათუნა ჩიგოგიძე