ჩინეთში BMW-ს ლოგოების გამოყენებით გამდიდრებული პლაგიატორები დააჯარიმეს

შანხაის სასამართლომ ორი ჩინური კომპანია ჯამში 3 მილიონი იუანით (დაახლოებით 431 000 დოლარი) იმის გამო დააჯარიმა, რომ ისინი ყოველგვარი სალიცენზიო უფლების გარეშე იყენებდნენ BMW-ს სახელს და ემბლემას.ერთ-ერთი დაჯარიმებული კომპანიაა ”ჯოუ ლეცინი”, რომელსაც დაურეგისტრირებია შვილობილი კომპანია სახელად ”დეგუო ბაომა გრუპი”, ეს სახელი კი ჩინურიდან ითარგმნება, როგორც „გერმანული BMW ჯგუფი“. უფრო ადრე, 2008 წელს, მასვე დაურეგისტრირებია სავაჭრო ნიშანი MBN და ლოგო, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ბავარიული კომპანიის ლოგოს.

გამოცემა „შანხაი დეილის“ ინფორმაციით, მეორე დაჯარიმებული კომპანიაა „ჩუანძია“, რომელიც ტანსაცმლის წარმოებაზეა სპეციალიზებული. ეს კომპანია წლების განმავლობაში იყენებდა „ჯოუ ლეცინის“ მიერ დარეგისტრირებულ ლოგოს, რომლითაც მის მიერ წარმოებულ ფეხსაცმელებსა და ჩანთებს აფორმებდა. ამასთან, „ჩუანძიამ“ თავადაც განავითარა ეს ლოგო და თანდათან კიდევ უფრო მიამსგავსა BMW-ს ლოგოს.

შანხაის ინტელექტუალური საკუთრების სასამრთლომ დაადგინა, რომ ორივე ჩინური კომპანია სოლიდურ მოგებას ღებულობდა BMW-ს ატრიბუტიკის (რომელიც ცისქვეშეთშიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული) და ავტორიტეტის გამოყენებით.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნით ადრე, ჩინეთის უზენაესმა სასამრთლომ დაიცვა ლეგენდარულ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანის კომპანიის უფლება ადგილობრივ კომპანიასთან მრავალწლიან დავაში. ეს კომპანია ამერიკელი ვარსკვლავის სახელს საკუთარო სპორტული ტანსაცმლისთვის იყენებდა.

ეს შესაძლოა გარღვევა იყოს ჩინური ინტელექტუალური ბაზრის აუღებელი ციხესიმაგრისა, რომელიც იქაურ ფირმებს ცნობილი კომპანიების სახელების გამოყენებას და ცალკეული მოდელების პირდაპირ კოპირებასაც კი არ უშლიდა. ერთ-ერთი ასეთი დავა „იაგუარ ლენდ როვერმა“ წააგო, რომელიც ჩინური კომპანიის მიერ, მის მოდელ Range Rover Evoque-ს კოპირებას აპროტესტებდა. მსგავსი საქმე „მინისაც“ აქვს წაგებული.

წყარო autobild.ge