პარლამენტში მისვლა როდის იქნება ყველაზე დროული, ამას პარლამენტთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ქუმსიშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტრო პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს და ამაზე ის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებიც მეტყველებს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა კანონმდებლებს წარუდგინა.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან, დღეს ჩემი მოადგილე იმყოფება პარლამენტში, აქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ყველაზე დროული პარლამენტში მისვლა, კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავდა, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას დასწრებოდნენ, რომელზეც ლარის გაუფასურების საკითხზე იმსჯელებდნენ.