აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებული გარკვეული პირობა შეიცვალა.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, ელექტრონული აუქციონის ახალი პირობით სამედიცინო პროფილის შენარჩუნება 10 წლის ნაცვლად 50 წლით განისაზღვრა.
"2016 წლის 16 დეკემბერს აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი გამოიტანა. საავადმყოფოს გასხვისების ერთ-ერთი მთავარი პირობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში შენობისთვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება იყო, რომელიც არაუგვიანეს 36 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო და შემსყიდველ კომპანიას 10 წლის განმავლობაში არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი უწყვეტად უნდა შეენარჩუნებინა. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ გამოსწორებულიყო ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა. კლინიკაში სათანადო პირობების არარსებობაზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებაშიც.
რამდენიმე დღის წინ აჭარის ა/რ-ის მთავრობას წერილობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუქციონის შეჩერების თხოვნით მომართა. როგორც ჩანს, არასწორად იქნა აღქმული ელექტრონული აუქციონის ერთ-ერთი პირობა, არსებული სამედიცინო პროფილის 10 წლით შენარჩუნებასთან დაკავშირებით და გაჩნდა უსაფუძვლო ეჭვი, რომ შესაძლოა 10 წლის შემდეგ რეგიონს აღარ ჰქონოდა ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო.
გამომდინარე იქედან, რომ გვსურს პროცესის აბსოლუტური გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ და გავფანტოთ უსაფუძვლო შიში 10 წლის შემდეგ კლინიკის პროფილის შეცვლის თაობაზე, აჭარის ა/რ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ პირობად სამედიცინო პროფილის არანაკლებ 50 წლის ვადით შენარჩუნება განისაზღვრა“, - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, ქონების შეძენით დაინტერსებული პირებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული აუქციონის დასრულების არსებულ ვადას (30 დეკემბერი) 2 კვირა დაემატა.