მიმდინარე წელი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა 237 მილიარდი დოლარის მოგებით დაასრულეს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, წლის დასაწყისში ჩინეთის შენელებულმა ეკონომკურმა ზრდამ, წლის შუაგულში „ბრექსიტმა“ და წლის ბოლოს მილიარდერი ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება ჯამში 4,8 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა, რაც 5,7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით ყველაზე მეტი მოგება ამერიკელმა მილიარდერებმა ნახეს. ამერიკელი მილიარდერები ჯამში 115,8 მილიარდი დოლარით გამდირდნენ, ხოლო მეორე ადგილზე ამ მონაცემების მიხედვით რუსი მილიარდერები აღმოჩნდნენ, რომელთა ქონებაც 34,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ამერიკელ მილიარდერებს შორის ყველაზე წარმატებული 2016 წელი უორენ ბაფეტისთვის აღმოჩნდა, რომლის ქონება 11,8 მილიარდი დოლარით 74,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. „ბლუმბერგის“ ცნობით, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას, რამაც გამოიწვია ბაფეტის კომპანიის Berkshire Hathaway-ის აქციების ზრდა.
მეორე ადგილზეა ბილ გეითსი, რომლის ქონებაც 9,8 მილიარდი დოლარით 91,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სამეულში მოხვდა კომპანია Continental Resources-ის მფლობელ ჰაროლდ ჰამიც, მისი ქონება კი ბოლო ერთი წლის განამვლობაში 8,4 მილიარდი დოლარით 15,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება რუს მილიარდერებს, მათ შორის ყველაზე მეტად „ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის“ ხელმძღვანელის ვლადიმერ ლისინის ქონება გაიზარდა - 5,5 მილიარდი დოლარით და 13,1 მილიარდ დოლარი შეადგინა. მეორეზეა „ლუკოილის“ მფლობელი ვაგიპ ალეკპეროვი, რომელიც წელს 5,2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მისმა ქონებამ 11,9 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო მესამეზე „ევროხიმის“ მფლობელი ანდრეი მელნიჩენკო გავიდა, რომლის ქონებაც 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამში 11, 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კოკა კვირკველია