1996 წელს სესხებზე საშუალო საპროცენტო წლიური განაკვეთი 67,8% იყო
2016 წელს სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0,4%-ით, დეპოზიტებზე კი - 0,3%-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებლები უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივ კლებას განიცდის და მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთებში ფიქსირდება საპროცენტო განაკვეთების ზრდა.
2016 წლის მესამე კვარტალში სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,8% დაფიქსირდა, წლის პირველ და მეორე კვარტალში კი - 13,2% იყო. 2015 წლის კვარტლებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემდეგნაირად იცვლებოდა: პირველი კვარტალი - 13,3%, მეორე კვარტალი - 13,2%, მესამე კვარტალი - 13,1% და მეოთხე კვარტალი - 13,3%. როგორც ვხედავთ, წლის დასაწყისში მოხდა კლება, მეოთხე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და პირველი კვარტლში აღნიშნულს გაუთანაბრდა. კლების ტენდეცნია განსაკუთრებით თვალსაჩინოა რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდთან შედარებისას. მაგალითად 2010 წლის პირველ კვარტალში სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 19,2% იყო, წლის მეოთხე კვარტალში კი 17,7%.
ზოგადად, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა ვალუტაშია გაცემული სესხი. მაგალითად, 2016 წლის მესამე კვარტალში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ია, უცხოულ ვალუტაზე კი - 9,8%. ასევე, საპროცენტო მაჩვენებელი განსხვავდება სესხის ხანგრძლოვობის მიხედვით. უკანასკნელი მონაცემებით, თუ მოკლევადიან სესხებზე განაკვეთი 23,2%-ია, გრძელვადიანზე ის 16,4% ფიქსირდება.
უკანასკნელ წლებში საქართველოში სესხების გაცემის სისტემა კარგად გაიმართა და შესაბამისად, დასტაბილურდა საპროცენტო განაკვეთები. თუმცა გვახსოვს პერიოდიც, როცა საპროცენტო განაკვეთები წარმოუდგენლად მაღალ მაჩვენებელს აღწევდა. მაგალითად, 20 წლის წინ, 1996 წელს სესხებზე საშუალო საპროცენტო წლიური განაკვეთი 67,8% იყო. 1997 წელს კი ის უკვე 38,8% გახდა. 2004 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 20%-ზე დაბალია.
სესხების პარალელურად, საპროცენტო განაკვეთები შემცირდა დეპოზიტებზეც. 2016 წლის მესამე კვარტალში დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4,4% იყო. წლის პირველ და მეორე კვარტალში კი 4,7% იყო. 2015 წლის პირველ კვარტალში დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,4% იყო. შესაბამისად წლიური კლება 1% დაფიქსირდა. წლის პირველ კვარტალში კი 5,6% იყო. შემცირების ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა თუ 2010 წლის მონაცემებს გადავხედავთ. ეს მაჩვენებელი 2010 წლის მესამე კვარტალში 8,4% იყო, წლის პირველ კვარტალში კი - 9,5%. შესაბამისად, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6 წლის განმავლობაში თითქმის განახევრებულია.
დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, ქართულ ვალუტაშია ის თუ უცხოურში. 2016 წლის მესამე კავრტლის მონაცემებით, თუ ეროვნულ ვალუტაში დეპოზტების განაკვეთები 7,4%დაფიქსირდა, ის მხოლოდ 3,5%-ია უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე. საპროცენტო სარგებელი, ასევე, განსხვავდება დეპოზიტის ხანგრძლივობის მიხედვით. გრძევადიან დეპოზიტებზე 6,8%-ია, მოკლევადნიანზე კი - მხოლოდ 3,0%.
ზოგადად, საპროცენტო განაკვეთები კრედიტზე დგინდება ძირითადად დეცენტრალიზებული სახით და გააჩნიათ სახელშეკრულებო ხასიათი. ხოლო დეპოზიტებისთვის უფრო მეტად ცენტრალიზებული ბაზრის წესებია დამახასიათებელი და მათი საპროცენტო განაკვეთი ერთიანი სისტემით დგინდება. სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დადგენა ხდება მსესხებლისგან მიღებული და საკრედიტო ექსპერტების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე. საპროცენტო განაკვეთის დაწესებისას გასათვალისწინებელია მსესხებლის რეიტინგი კრედიტ-ინფოში, მოთხოვნის სესხის მოცულობა, ვადა და სხვა საკრედიტო ფაქტორები. თუმცა მათზე გავლენას ზოგადი ფაქტორებიც ახენს, მათ შორის ვალუტის კურსი.
ნანა მღებრიშვილი