პროექტ Сheck in Georgia-ს შედეგად საქართველო მოინიშნა მსოფლიო კულტურულ ღონისძიებათა კალენდარზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2016 წელი შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2016 წელს განხორციელდა მასშტაბური კულტურული პროექტი Сheck in Georgia.
„Сheck in Georgia-ს შედეგადაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მოინიშნა მსოფლიო კულტურულ ღონისძიებათა კალენდარზე”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2016 იყო ისტორიული წელი UNESCO -ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარებისა და დაცვის კუთხით.
„ივლისში მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და ძირითად ნუსხაში დააბრუნა. 30 ნოემბერს, UNESCO-მ ქართულ ანბანს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. დეკემბერში - UNESCO-მ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის თანახმად, გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.