მხოლოდ 2016 წელს 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2016 წელი შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წელს 13 000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია.
„არ შეიძლება არ შევეხო იმ სფეროს, რომელიც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ - ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. წელს 13 000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამები 2017 წელსაც გაგრძელდება, „თუმცა ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე ორიენტირებული და მეტად ხარისხზე ორიენტირებული”.
„სწორედ ამ მიზნით შემუშავდა მეორე - ახალი ეტაპის რეფორმები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად და ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.