ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაპირებთ, პანსიონების ქსელის განვითარების ერთიანი სისტემა შევიმუშაოთ

ვაპირებთ, რომ მომავალ წლებში შევიმუშაოთ ერთიანი სისტემა ზოგადად პანსიონების ქსელის განვითარების, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც ერთ-ერთი საკითხი იყო მთავრობის განკარგულების პროექტი - საპატრიარქოს წმინდა კეთლმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალ წლებში შევიმუშაოთ ერთიანი სისტემა ზოგადად პანსიონების ქსელის განვითარების. წინა წლებში საქართველოში ძალიან ბევრი პანსიონი მუშაობდა თბილისსა და ბევრ რეგიონში. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ეს პანსიონები განადგურდა და ძალიან ბევრი ახალგაზრდაა - ზოგი განსაკუთარებული ნიჭით დაჯილდოვებული, ზოგი სპეციალური საჭიროების მქონე, ზოგი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ვისთვისაც დიდი სიკეთე იქნებოდა პანსიონური მომსახურება, ასეთი სახის სწავლება. ცალკეული ნათელი წერტილები გვაქვს და ეს სკოლა ერთ-ერთი ასეთი ნათელი წერტილია. ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს შეიკედლებენ. დაახლოებით, 100-მდე მოსწავლე ცხოვრობს ამ პანსიონში. შეექმნათ მატერიალური სირთულე სხვადასხვა გარემო პირობებიდან გამომდინარე და ერთჯერადი დახმარებით მოგვმართეს. ეს არის ერთჯერადი დახმარება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემდგომში ჩვენ გვექნება უფრო ფართო პროგრამა. ამის საჭიროებას ვხედავთ და გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.