დავით ნარმანია - მალფუჭებადი პროდუქტები სოციალურად დაუცველთა საახალწლო კალათაში არ გავითვალისწინეთ

მალფუჭებადი პროდუქტები საახალწლო კალათაში არ გავითვალისწინეთ, რადგან ის განსაკუთრებული დაცვის რეჟიმს და წესებს საჭიროებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოციალურად დაუცველთა საახალწლო კალათის შესახებ დასმული კითხვის კომენტირების დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამ წესებიდან გამომდინარე, "ხორცპროდუქტების გარდა ყველაფერი შედის საახალწლო კალათაში".

დავით ნარმანია საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად ტენდერების საკითხსაც გამოეხმაურა. "რაც შეეხება ტენდერებს, ჩვენ ყველაფერს ძალიან ღიად ვაკეთებთ. სიმღერებთან, კონკრეტულ რეპერტუართან და ასეთ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით როგორც წესი, ტენდერის გამოცხადება, შედეგს არ იძლევა, ამიტომ ასეთ მომსახურებას ვყიდულობთ გამარტივებული გზით. სხვა შემთხვევაში, ქალაქის მორთვასთან დაკავშირებით, სცენის აწყობა-დაშლის საკითხი და სხვა მომსახურებები წინასწარ გავითვალისწინეთ და ტენდერის წესით გაკეთდა", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.