საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან იუწყებიან, ღონისძიება 30 დეკემბერს, 10:00 საათიდან 22:30 საათამდე, ”თბილისი მოლში” მოეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად" გუნდები , რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქტები (ლეპტოპის სადგამი, ხის ჩანთები, ლოგიკურად სააზროვნო ფაზლები, აქსესუარები და სხვა).
სააგენტოს განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება თავიანთი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას.
”გამოფენა-გაყიდვა იძლევა შესაძლებლობას გუნდებმა გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, გაეცნონ მომხმარებლების მოთხოვნილებებს და განავითარონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით”, - აცხადებენ სააგენტოში.