საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებულია შეზღუდვები , - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა -თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ65 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-ბენიერი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.