თანამედროვე ცხოვრება გამოგონებების გარეშე წარმოუდგენელია. ჟურნალმა TIME-მა 2016 წლის ყველაზე შთამბეჭდავი და ინოვაციური გამოგონებები დაასახელა.
არაპროპორციული საფეხბურთო მოედნები
დეველოპერულმა კომპანიამ AP Thailand-მა ბანგკოკში არაპროპორციულად დაგეგმილი ფეხბურთის მოედნები შექმნა. ასეთი მოედანი პირველად ბანგკოკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში შეიქმნა. ტერიტორიაზე არ იყო საკმარისი სივრცე, რომ სტანდარტული მოედანი გაეკეთებინათ. სწორედ ამიტომ დეველოპერულმა კომპანიამ არაპროპორციული მოედანი შექმნა და სკოლის მოსწავლეებს საყვარელი სპორტით გართობის საშუალება მისცა.
საცხოვრებელი კონსტრუქცია
შვედურმა ავეჯის კომპანია IKEA-მ შექმნა ფუნქციონალური და დაბალბიუჯეტიანი ავეჯი, რომელიც ბევრი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. აღნიშნული ავეჯი იწარმოება ორგანიზაციისთვის Better Shelter, რომელიც ლტოლვილთა ოჯახებისთვის უფრო უსაფრთხო და გამძლე თავშესაფრებს ქმნის. Better Shelter-ის კონსტრუქციები სულ ცოტა სამი წელი ძლებს და მათი გამართვა ისეთ ადგილებშიცაა შესაძლებელი, სადაც მშენებლობა ვერ ხერხდება.
კონსტრუქციები მხოლოდ თავშესაფრის ფუნქციით არ გამოიყენება. აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მათ სარეგისტრაციო ცენტრებად, სამედიცინო პუნქტებად და საჭმლის განაწილების წერტილებად გამოიყენებენ.
კარტოფილი, რომელიც გადაგვარჩენს
The World Food Prize ნობელის მსგავსი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც გამოავლენს ადამიანებს, რომლებმაც საკვების ხარისხის, რაოდენობის ან ხელმისაწვდომობის გაზრდა შეძლეს. 2016 წელს აღნიშნული ჯილდო მოიპოვა ოთხმა ადამიანმა, რომლებმაც საკვები ღირებულებებით მდიდარი ბოსტნეული შექმნეს. მათ ქმნილებებს შორისაა კარტოფილი, რომელიც ა ვიტამინითაა მდიდარი. ა ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს სიბრმავეს, დიარეას, იმუნო-სისტემის დარღვევებს, ნაადრევ სიკვდილს ბავშვებსა და ორსულებში. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას აფრიკაში.
ხელოვნური პანკრეასი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მომავალი 20 წლის მანძილზე დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდება და 700 მილიონს გადააჭარბებს. დიაბეტს იწვევს პანკრეასის ფუნქციონირების დარღვევა, როცა მას საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამოყოფა აღარ შეუძლია. მეორე მხრივ კი შეიძლება ორგანიზმი ვერ ითვისებდეს გამოყოფილ ინსულინს.
ინსულინის დანაკლისი აზარალებს მთელ ორგანიზმს. ის იწვევს სიბრმავეს, იმპოტენციასა და ინფექციას, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება ორგანოების ამპუტაცია გამოიწვიოს. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც დაავადებულებს აიძულებს მუდმივად აკონტროლონ სისხლში შაქრის დონე.
Federal Drug Administration-მ სექტემბერში გამოუშვა ახალი მოწყობილობა, სახელად The MiniMed® 670G. ეს არის ინსულინის სატუმბი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს ინსულინის მიწოდებას და სისხლში შაქრის დონეს 5 წუთში ერთხელ ზომავს. კომპანიის განმარტებით, ახალი სისტემა დაავადებულებს დაეხმარება, ნაკლები დრო დაუთმონ დაავადების მართვას და მეტად მხიარულად იცხოვრონ.
ხელოვნური კიდურები
კოლუმბიის 50-წლიანმა სამოქალაქო ომმა მძიმე რეალობის წინაშე დააყენა ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანია დასახიჩრებული და ბევრ ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია, კიდურების ამპუტაცია სჭირდება.
კოლუმბიაში დაბადებულმა დიზაინერმა კარლოს არტურო ტორესმა პროთეზებს ბავშვის თვალით შეხედა და დასვა კითხვა: როგორი იქნებოდა პროთეზი, მას თავად ბავშვი რომ ქმნიდეს? კითხვის პასუხად შეიქმნა IKO Creative Prosthetic System - ადაპტირებადი პროთეზი, რომლის საფუძველიც ბავშვების ხედვა და წარმოდგენები გახდა. პროთეზი ფუნქციონალურია, ის ჩვეულებრივი ხელია და პარალელურად, სათამაშოდ გარდაიქმნება.
”ბავშვები უნდა იყვნენ ბავშვები. კიდურის არ ქონა ბავშვს შესაძლებლობებს არ უნდა უზღუდავდეს. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ უკეთ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, ითამაშონ და ისწავლონ მეტი,” - განმარტავს ტორესი.
სამაჯური, რომელიც დაფინანსებას მოიძიებს
სატარებელი ფიტნეს მოწყობილობა უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარულ პროდუქტად იქცა. ახლა კი მოწყობილობა ორი პრობლემის გადაჭრას ერთობლივად შეეცდება. ის მდიდარ ქვეყნებში ბავშვებს სიმსუქნესთან ბრძოლაში დაეხმარება, ღარიბი ქვეყნების ბავშვებს კი შიმშილის რისკისგან დაიცავს.
Ammunition Group-მა შექმნა UNICEF Kid Power Band. ის ბავშვებს ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებს და ქულებს აძლევს. მიღებული ქულების კონვერტაცია ხდება დაფინანსებაში, რომელსაც UNICEF გამოყოფს ბავშვებისთვის, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან.
ამ დროისთვის UNICEF Kid Power Team-მა გამოიმუშავა 12 მილიონი ქულა, რაც საკვების 5,1 მილიონ პაკეტს უდრის.
ჰაერის გამწმენდი
მსოფლიოში ყოველდღიურად ჰაერის დაბინძურების გამო 18 000 ადამიანი იღუპება. ეს უფრო მეტია, ვიდრე HIV/AIDS-ით, ტუბერკულიოზით და საგზაო ავარიებში დაღუპულების რაოდენობა.
Wynd პორტაბელური ჰაერის გამწმენდია, რომელიც დაბინძურების მაჩვენებელს აკონტროლებს შეზღუდულ ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში მას ასუფთავებს. ჰაერიდან იღებს მტვერს, ალერგენებს, ბოლს. მოწყობილობა წყლის ბოთლის ზომისაა.
ჰაერის გამწმენდი კალიფორნიაში დაარსებულმა სტარტაპმა Wynd Technologies, Inc-მა შექმნა.
ნანა მღებრიშვილი