საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმების შედეგად, 389 556 ლარი დაიზოგა, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მისი თქმით, ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა.
”საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა. რეფორმის მიზანი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ნატო-სთან თავსებადი თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს. ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა. შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც“, - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, 2016 წელს თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33% ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-53%-მდე განისაზღვრება.
"შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება", - განაცხადა იზორიამ.