2017 წელს, კომპანია „ჰუავეი“ კავშირგაბმულობის მიმართულებით, საქართველოში ახალი ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას გეგმავს (მაგალითად, როგორიც არის VoLTE,IMS და სხვა). კომპანიის მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის გაცილებით უფრო სწრაფი და ხარისხიანი კავშირის უზრუნველყოფა.
“უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გაცნობის მიზნით, კომპანიამ საქართველოში უკვე გამართა „ცენტრალური აზიისა და კავკასიის, საინფორმაციო, საკომუნიკაციო გამოფენა“, სადაც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს უახლესი ტექნოლოგიებით დატვირთული საგამოფენო მანქანა და ე.წ. VoLTE სისტემა წარვუდგინეთ. ეს უკანასკნელი 4G-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უსიამოვნო 8-10 წამიანი ლოდინის გარეშე, დარეკვისთანავე დაუკავშირდნენ ადრესატს. დაინტერესება უახლესი ტექნოლოგიების გაცნობის მიმართ მაღალია, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ღონისძიებას დაესწრნენ არა მხოლოდ ოპერატორი კომპანიები (როგორებიც არიან „მაგთი“, „ჯეოსელი“, „სილქნეტი“ და „ბილაინი“), არამედ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც“ - განაცხადა ინტერვიუში “ჰუავეი“ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმს ლიანგმა.
„ჰუავეი“ ყველასათვის ცნობილია მობილური ტელეფონების წარმოებითა და სხვა თანამედროვე მოწყობილობებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებთან ერთად, ზრუნავს სწრაფ და ხარისხიან კავშირგაბმულობაზე, რაც ნიშნავს, რომ სწორედ“ჰუავეი“ უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის.
„ადგილობრივი ტელეკომუნიკაციის ბაზარი და „ჰუავეი საქართველო“ პარალელურად ვითარდებოდნენ. საქართველოში მოღვაწეობა 2000 წელს, მხოლოდ 5 თანამშრომლით დავიწყეთ. 2007 წელს შევქმენით პირველი CDMA ქსელი საქართველოში, რასაც მოჰყვა სხვა წარმატებული პროექტები. დღეს კი საქართველოში ისეთი მოწინავე ტექნოლოგია შემოვიტანეთ, როგორიც არის 4.5 G. ამ დროისათვის, ადგილობრივ წარმომადგენლობაში 300 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მობილური ტელეფონების მომხმარებლების 75% ჩვენს ტექნოლოგიებს იყენებს, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი და კომპანიისთვის საამაყო მაჩვენებელია“ - განაცხადა ჯეიმს ლიანგმა.
კომპანიამ სატელეკომუნიკაციო აპარატურის წარმოება 1987 წელს დაიწყო და განვითარების ეტაპებიც სწრაფად გაიარა: მაშინ, როცა 2G-ის პერიოდში „ჰუავეი“ ბაზარზე ახალი მოთამაშე იყო, 3G-ის პერიოდში უკვე სერვისების მიწოდების კუთხით დაწინაურდა. მას შემდეგ მოწინავე პოზიციები უკავია 4G-ისა და 4.5G-ის პირობებშიც.
ჯეიმს ლიანგის თქმით, 15 წარმატებული წლის შემდეგ, კომპანია კვლავ განაგრძობს ოპერირებას ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს მომხმარებლებისა და ოპერატორების მხარდაჭერას კავშირგაბმულობის მიმართულებით.