”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც WEG-დან იუწყებიან, 26 დეკემბერს სემეკმა დაასრულა ელექტროენერგიის ტარიფების განხილვა და საბოლოოდ დაადგინა ტარიფები ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემა-დისპეტჩერიზაციის, სისტემური მომსახურების და განაწილების და სამომხმარებლო ტარიფების ჩათვლით. სემეკის დადგენილებით, მიუხედავად მრავალი ახალი ეკონომიკური თუ ტექნიკური გარემოებისა და ტარიფების ზრდის მოლოდინებისა, მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორციელდა და მოსახლეობისთვის ტარიფები უცვლელი დარჩა, ხოლო მცირედით გაიზარდა მაღალი და საშუალო ძაბვის მომხმარებლების (მსხვილი და საშუალო საწარმო-ორგანიზაციების) ტარიფები.
„ტარიფების ზრდის მოლოდინს განაპირობებდა: ლარის კურსის მკვეთრი დაცემა, ენგურჰესის და ვარდნილჰესის ტარიფების ზრდა, ქვეყანაში გაზრდილი მოხმარების გამო იმპორტის და თბოსადგურების გამომუშავების გაზრდილი მოთხოვნილება და ენერგეტიკული საწარმოების გაზრდილი საინვესტიციო საჭიროებები. თუმცა, ამავე დროს დაკლების მიმართულებით იმოქმედა რამდენიმე ძირითადმა გარემოებამ. კერძოდ:
- სემეკის ინფორმაციით, მოქმედ ტარიფში იმპორტის და თბოსადგურების ძვირი ენერგიის წილი უკვე გაზრდილი იყო, რადგანაც წინა რეგულირების პერიოდი (2015-სექტემბერი, 2016-დეკემბერი) მოიცავდა შემოდგომა-ზამთრის თვეების მომატებული წილს.
- ასევე, სემეკის ინფორმაციით, მოსალოდნელია ელექტროენერგიის იმპორტის გაიაფება.
- განაწილების კომპანიების ტარიფის დადგენისას გამოყენებულ იქნა ლარის კურსის შედარებით ოპტიმისტური შეფასება (2.50 GEL/USD) ბიუჯეტის მიხედვით და არა მოქმედი კურსი.
საბოლოოდ სემეკმა ჩათვალა, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობა პრაქტიკულად ერთმანეთს აბალანსებს და მომხმარებელთა დიდი უმრავლესობისათვის ტარიფი უცვლელად დატოვა.
ამ გადაწყვეტილებაში იგრძნობა კონსერვატული სიფრთხილის ელემენტი, რომ არ მოხდეს ტარიფების მკვეთრი ცვალებადობა და ამით გამოწვეული სოციალური თუ პოლიტიკური რყევები. ასევე, სავარაუდოდ, გარკვეული ხარჯების ასახვა გადავადებულია ტარიფის მომავალი კორექტირებისათვის. თუმცა ასევე, ვერ ვიტყვით, რომ პროფესიულობის ზღვარი დაირღვა და არაობიექტური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სატარიფო განხილვებისას კიდევ ერთხელ გამოვლინდა ელექტროენერგეტიკის ორგანიზაციული და საკანონმდებლო ხარვეზები, რაც ბაზრის ოპტიმიზაციას და ეფექტურობის ზრდას უშლის ხელს. მათგან აღსანიშნავია:
- ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიების არსებობა, რომლებიც ერთდროულად ფლობენ გენერაციის და განაწილების ობიექტებს და ელექტროენერგიას უპირველესად საკუთარი საწარმოებიდან შეიძენენ. ამის გამო დარღვეულია როგორც საბაზრო კონკურენციის, ასევე რეგულირების შესაძლებლობა და ტარიფების დადგენა გარკვეულწილად პირობითი ხდება.
- ე.წ. „გარანტირებული სიმძლავრის საფასური“ რომელიც ფარავს თბოსადგურების მოთხოვნილ ხარჯებს მიუხედავად იმისა თუ რამდენად სასარგებლო არიან სისტემისთვის და რამდენ ენერგიას გამოიმუშავებენ წლის განმავლობაში. ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება მომავალში თბოსადგურების დაგეგმილი მშენებლობის კვალობაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გავლენას ტარიფზე.
- მნიშვნელოვანი განუზღვრელობა არის ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში. ვინაიდან ამ სეგმენტში არ არის კონკურენტული ბაზარი და/ან ერთიანი გამჭვირვალე პრინციპი, სხვადასხვა გამანაწილებელი კომპანიების ხარჯები 1 კვტ.სთ შეძენაზე დგინდება სამინისტროს დამტკიცებული ბალანსის ანუ ერთგვარი შეთანხმების საფუძველზე, რაც ნაკლებად ეთანადება ბაზრების ფუნქციონირების საუკეთესო პრინციპებს.
- ენგურჰესის ტარიფში (მიუხედავად მისი გაზრდისა) სავარაუდოდ არ არის გათვალისწინებული მისი გაჩერების და შეკეთების ხარჯები, ისევე როგორც ის, რომ რეალურად აფხაზეთის მიერ არ ხდება მოხმარების ანაზღაურება. მოსალოდნელია, რომ ეს ხარჯები ბიუჯეტიდან დაიფარება.
- ჯერ კიდევ არა გვაქვს სექტორის განვითარების ერთიანი, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, სხვადასხვა ქვესექტორებში ინვესტიციების ჩადების და ტარიფში ასახვის მიზანშეწონილობის შესაფასებლად.
ყველა ეს გარემოება მიუთითებს როგორც სატარიფო სისტემის, ასევე ბაზრის მოდელის და მარეგულირებლის შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე, რაც მომავალი რეფორმების ამოცანაა. აუცილებელია ენერგეტიკა გახდეს მოწინავე, მომგებიანი და არა სუბსიდირებული დარგი“, - ნათქვამია განცხადებაში.