საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით, “თბილისი მოლში” სტარტაპების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან იუწყებიან, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის - "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად" გუნდებმა, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქტები - ლეპტოპის სადგამი, ხის ჩანთები, ლოგიკურად სააზროვნო ფაზლები, აქსესუარები, სანათები, ინოვაციური ბანერები და სხვა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტში - ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ მონაწილე სტარტაპებს საშუალება მისცა დაეწყოთ მცირე წარმოება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში და იდეა ექციათ ბიზნესად. ასევე, პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ ტრენინგები მარკეტინგის, იურიდიული და ფინანსური მიმართულებით. პროტოტიპირების პროცესში კი გუნდებს ფაბ-ლაბის გამოცდილი თანამშრომლები დაეხმარნენ.
პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება თავიანთი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას.
”გამოფენა-გაყიდვა იძლევა შესაძლებლობას გუნდებმა გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, გაეცნონ მომხმარებლების მოთხოვნილებებს და განავითარონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით.
ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბ-ლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ულტრათანამედროვე აპარატურას გვთავაზობს. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები. დღეს ფაბ-ლაბი იძლევა საშუალებას ლაბორატორიის ბაზაზე მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება”, -აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.