ამ დროისთვის საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ ერთი მილიარდელი - ბიძინა ივანიშვილი ფიქსირდება. თუმცა "ფორბსის" 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა და წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი შვიდი პოზიციით დაქვეითდა. ყოფილი პრემიერი მსოფლიოს მილიარდელებს შორის 298-ე პოზიციაზეა 4,8 მილიარდი დოლარის ქონებით. გასული წლის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 291-ე ადგილს იკავებდა 5,2 მილიარდი დოლარით. როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ძვირად დაუჯდა, რადგან 2012 წელს მისი ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2013 წელს კი საქართველოს პრემიერის ქონება 5,3 მილიარდი დოლარით შეფასდა.
"ფორბსი" ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს: "2015 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილმა რეკორდულ თანხად - 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით", მოგვიანებით კი ნახატი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. მისი შვილის, ბერას თანადგომით საქართველოში ახალი სატელევიზიო შოუ "2030" დაიწყო, რომელშიც თავად ივანიშვილი ხშირად ჩნდება".
ბიძინა ივანიშვილის გარდა, "ფორბსის" მილიარდელთა რეიტინგში კიდევ ერთი ქართული გვარი გვხვდება, თუმცა ის რეიტინგში არა საქართველოს, არამედ - რუსეთს წარმოადგენს. ალექსანდრე ჯაფარიძე 1,2 მილიარდი დოლარით 1476-ე პოზოციაზეა "ფორბსის" მილიარდელების რეიტინგში და 55-ე - რუსეთში. ჯაფარიძეს ნავთობის მოპოვების სერვისებსა და წარმოების სფეროში აქვს ბიზნესი. ის დაქორწინებულია და 5 შვილი ჰყავს.
ჯაფარიძე კომპანია Eurasia Drilling Company-ის აქციების უმსხვილესი პაკეტის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია, აღნიშნული კომპანია რუსეთში ნავთობის მოპოვების სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია. მან დააარსა სერვისის მიმწოდებელი კომპანია Petroalliance, რომელიც მოგვიანებით Schlumberger-ს მიჰყიდა. ჯაფარიძემ იყიდა ნავთობის გიგანტის "ლუკოილის" შვილობილი კომპანია, რომელიც ნავთობის მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს. გარიგება 2004 წელს შედგა და მისი ღირებულება 130 მილიონი დოლარი იყო. სწორედ ეს კომპანია გარდაიქმნა მოგვიანებით Eurasia Drilling Company-ად.
"ფორბსის" მილიარდელთა სიაში ამ დროისთვის სხვა ქართული გვარები არ ფიქსირდება, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით, არსებობენ ადამიანები საქართველოდან, რომლებიც საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში მილიარდებს ფლობენ. მათ შორის არიან თემურ სეფიაშვილი და დავით იაკობაშვილი.
დავით იაკობაშვილი "ფორბსის" მილიარდელების სიაში 2014 წელს შევიდა და სტატუსის შენარჩუნება მხოლოდ ერთი წელი შეძლო. 2014 წელს ის 1,2 მილიარდი დოლარით სიაში 1372-ე იყო.
Forbesn Russia იაკობაშვილის ქონებას 950 მილიონ დოლარად აფასებს. იაკობაშვილი რძისა და წვენების მწარმოებელი რუსული კომპანიის Wimm Bill Dan-ის თანადამფუძნებელი, აქციონერი და თავმჯდომარე იყო. აღნიშნული კომპანია Pepsico-მ 2010 წელს 4.2 მილიარდ დოლარად შეიძინა. იაკობაშვილმა რუსეთში დააარსა და განავითარა სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, სამთო და გასართობი ჰოლდინგები. ის ამჟამად Sistema JSFC-ის გამგეობის დამოუკიდებელი წევრია. საკუთარი ვებსაიტის თანახმად, Sistema რუსეთსა და დსთ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც ინვესტიციები აქვს ტელეკომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების, ნავთობისა და ენერგეტიკის, რადარებისა და კოსმოსის, საბანკო, საცალო, მასმედიის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მომსახურების სფეროებში.
იაკობაშვილი სახელი საქართველოში დავით კეზერაშვილსა და მის ბიზნესს უკავშირდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავით იაკობაშვილმა, თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, რომელიც შვედეთის პასპორტით სარგებლობს, რამდენიმე სარეკლამო და ენერგეტიკული კომპანია შეიძინა. აღნიშნულ კომპანიებს მანამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. გარიგება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით შედგა.
როგორც ირკვევა, 2011 წლიდან იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა კომპანიებს ოფშორული ჰოლდინგები ფლობს და იაკობაშვილის ცნობადობა კი ქართულ საზოგადოებაში ძალზე დაბალი იყო, მისი კავშირები მხოლოდ მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა საჯარო.
საქართველოში იაკობაშვილმა "სმოდ ედვერთაიზინგი" 345,000 დოლარად შეიძინა Milarm Internationa Corp-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) მეშვეობით. 2013 წლის მაისში იაკობაშვილის წარმომადგენელმა საქართველოში, ალექსანდრე ბერიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა იაკობაშვილის საკუთრებაში კიდევ ერთი სარეკლამო კომპანიის "აუთდორ ჯის" არსებობა.
იაკობაშვილმა "უნივერსალ კაპიტალ გრუპი" (UCG) 2 მილიონ დოლარად შეიძინა და მას Gannado Worldwide-ისა (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) და Redeli Management Limited-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) საშუალებით ფლობს. Gannado Worldwide-ის მეშვეობით იგი ასევე ფლობს 90%-იან წილს "კაზინო აჭარაში", რომელიც მან 2011 წლის მაისში 8,72 მილიონ დოლარად შეიძინა. იხილეთ გაგრძელება