საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2017 წელს ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი.
“ჩემო თანამემამულენო, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენო მშობლებო, შვილებო, დებო და ძმებო, ჩემი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებო მინდა მოგილოცოთ ახალი წელი!
2017 წელს ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისკენ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა.
დღეს მე მინდა გითხრათ, რომ ის ძალა, რომელიც ამ პრობლემებს დაგვაძლევინებს, ყველაზე მეტად ჩვენში, ქართულ საზოგადოებაშია; ჩვენს უნარში გვიყვარდეს ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ერთმანეთის პრობლემები გავიზიაროთ, ჩვენი ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა.
დღეს მე გადავწყვიტე, რომ ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად მოგილოცოთ, ვინც მაგალითია ამ თვალსაზრისით. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველგვარი ანგარების გარეშე საზოგადოებას, მეზობლებს, მეგობრებს, სახელმწიფოს ემსახურებიან თავიანთი იდეებით, იმ პოზიტივით, რაც მათ გააჩნიათ და იმ მომავლის იმედით, რომელიც ყოველთვის ჩვენს ქვეყანას შველოდა და აძლიერებდა. დღეს ჩვენთან ქველმოქმედი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ მათი მეშვეობით, ჩვენი საზოგადოების სიძლიერის მეშვეობით ჩვენ ყველაფერს დავძლევთ! გილოცავთ ახალ, 2017 წელს!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვაში.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო მიღებაზე საქართველოში ქველმოქმედ ადამიანებს, საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლებს, ქველმოქმედ ბიზნესმენებს და სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს უმასპინძლა, რომლებიც სხვადასხვა სოციალური საჭიროებების მქონე პირებს ეხმარებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ იმ უანგარო საქმიანობისათვის, რომელსაც ეწევიან და მომავალ წელს წარმატებები უსურვა.