2017 წლის 1-ელი იანვრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საგადასახადო ინიციატივა შედის ძალაში. ახალი წლიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა , რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება.
გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან გაიზარდა აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე - მოსაკრებლის ოდენობა სათამაშო ბიზნესზე.
“საგადასახადო კოდექსით” განსაზღვრული სიახლეების ამოქმედებასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსი” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.
“1-ელი იანვრიდან ძალაში შედის ”ესტონური მოდელი”. ეს არის მოგების გადავადებული გადასახადი, რომელიც იძლევა საშუალებას, გვქონდეს საუკეთესო საინვესტიციო გარემო. ეს საშუალებას გვაძლევს დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარი დავტოვოთ ბიზნესისათვის. ეს თანხა მობილიზებული იქნება ბიზნესში. შეიძლება ის როგორც შიდა ინვესტირებისთვის იყოს გამოყენებული, შეიძლება უცხოელმა ინვესტორებმა გამოიყენონ, ვისაც ჩადებული აქვს უცხოური ინვესტიციები. ეს არის უნიკალური მოდელი, რომელსაც რეგიონში პირველად ჩვენ გამოვიყენებთ. ეს ხელს შეუწყობს როგორც ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე შიდა ინვესტიციების წახალისებას”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კოვზანაძემ.
რაც შეეხება აქციზების ზრდას, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საგადასახადო ინიციატივაა, რომელიც ასევე 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.