საშობაოდ და საახალწლოდ მთავარი თემა სანტა კლაუსი და მისი მარხილია. ბოლო დროს ვირტუალურ მარხილს ვირტუალურივე ავტომობილები ცვლის. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ხშირად მათ ფრენაც შეუძლიათ. ახლახან საკონსულტაციო ჯგუფ Carwow-ის ენთუზიასტებმა სანტასთვის რამდენიმე ავტომობილი-მარხილი შეიმუშავეს, რომლებიც მას ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გამოადგება. უფრო მეტიც, თუ ის მთვარეზეც მოისურვებს მოგზაურობას, ამისთვისაც ექნება ტრანსპორტი. ოღონდ, ეს ალბათ უფრო მომავლისთვის, როცა ღამის მნათობზე ადამიანები დასახლდებიან.
მთებისთვის: Porsche 959
ავტოსპორტის მოყვარულებმა იციან, რომ ცუფენჰაუზენელებმა ამ სახელის მქონე ავტომობილი, რალის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფისთვის შეიმუშავეს. მერე კი, როცა ეს კლასი FIA-მ გააუქმა, 959-მა დაკარს მიაშურა და 1986 წელს რალი მარათონი მოიგო კიდეც. სანტასთვის ამ ავტომობილს ბორბლები მუხლუხებით შეუცვალეს, რომელსაც უკეთესი ჩაჭიდება ექნება და ის მიუვალ ადგილებშიც გაივლის. ოღონდ, სიჩქარე მოაკლდება.
უდაბნოსთვის: Lamborghini Huracan
სანამ „ლამბო“ თავის პირველ SUV „ურუსს“ გამოუშვებს, სანტასთვის უდაბნოში სამოგზაუროდ ავტომობილი „ურაკანის“ ბაზაზე მომზადდა. ოღონდ, ამ მანქანას სანტ’აგატა ბოლონეზელთა სუპერ ავტომობილისგან მხოლოდ ძარის ელემენტები შემორჩა. ის უზარმაზარ ბორბლებზე დააყენეს, რა თქმა უნდა, შასიც შეცვლილი ექნება და დამატებით, ის უსაფრთხოების კარკასითაცაა შეკაზმული.
ქალაქში: Nissan GT-R R34
ქალაქში ტოკიოს ქუჩებია ნაგულისხმები. იაპონიაში და არამხოლოდ იქ, ამ ავტომობილს სიჩქარის მოყვარულები დიდ პატივს სცემენ. ჰოდა, სანტას „მარხილიც“ მის ბაზაზე შეიმუშავეს. ამ მანქანით ის უფრო სწრაფად მოივლის გამოძახებებს.
ოკეანისთვის: Ford GT40
პროექტის ავტორებმა ალბათ იგულისხმეს, რომ ამ ტრანსპორტით, სანტა ჰავაისა და ზღვისრეთის მოსახლეობას დაუვლის. ამისთვის, ლე მანის პირველი ტრიუმფატორი „ფორდმა“ მოტორიანი ნავის ეკიპირება მიიღო და მზადაა შორეული და სახიფათო მოგზაურობისთვის. ამ მოგზაურობაში მას უზარმაზარი, 7.0-ლიტრიანი V8 ძრავი დაეხმარება.
ჯუნგლების მდინარეებისთვის: Ferrari F40
ეს სანტას მეორე მოტორიანი ნავია. ამაზონს მდინარე კი ჰქვია, მაგრამ შესართავთან ზღვასავით თვალუწვდენელია. ჰოდა, დიდი მანძილის გადასალახად, სანტას სწრაფი ტრანსპორტი სჭირდება. ამ მანქანას „ფერარი F40“ კი დაარქვეს, მაგრამ ძარაც კი ძლიერ განსხვავებული აქვს. თუ დააკვირდებით, უკან ორი ძრავია გადაკიდული. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რთულ მეტეო-პირობებში ტურბო V8-ს მუშაობა გაუჭირდება - სანტას წყალში დატოვება როგორ იქნება?..
აფრიკული სავანასთვის: Jeep Wrangler
სავანის ლანდშაფტისთვის ალბათ „ლენდ როვერ დიფენდერი“ უფრო კარგი არჩევანი იქნებოდა, მაგრამ პროექტის ავტორებმა არანაკლები ყველგანმავალი - „ჯიპ ვრანგლერი“ შეარჩიეს. ოღონდ, რატომღაც ის განიერი ბორბლებით და უზარმაზარი ძრავით აღიჭურვა, რომელიც მთლიანად ფარავს საქარე შუშას. სანტა მისაბმელზე კი მოკალათებულა, მაგრამ ვინც ამ მანქანის საჭესთანაა, ალბათ წინ ვერაფერს დაინახავს. ან იქნებ, არც არავინ ზის და ავტომობილი ავტონომიური სისტემითაა ეკიპირებული?..
ლაპლანდიისთვის: Shelby Cobra
ლეგენდარული „კობრას“ წარმოება მალე განახლდება. ოღონდ, არა ამ სახით. სანტას ავტომობილი წინ თხილამურებზე დგას, უკან კი - მუხლუხებზე. ასეთი ეკიპირებით, ის იოლად და უსაფრთხოდ ივლის ლაპლანდიის მოყინულ გზებზე.
ტროპიკული ტყისთვის: Audi Quattro S1
ეს B ჯგუფის რალის ავტომობილებში ერთ-ერთი საუკეთესოა და სანტას ყოველგვარი მოდფიკაციის გარეშეც გაატარებდა მიუვალ ადგილებზე. ზორბა ბორბლები და შესაბამისად მოდიფიცირებული საკიდარი კი მას შეუდარებელ მოგზაურად გადააქცევს.
ინგლისური ქალაქებისთვის: Jaguar E-Type
ლეგენდარული ავტომობილი დაადაბლეს და საბარგული გაუზარდეს. თუმცა ამას მის გარეგნობაში ბევრი არაფერი შეუცვლია. სანტას შესაფერისი წითელი ფერიც ბრიტანულ მწვანეზე არანაკლებ უხდება. რაც მთავარია, არამხოლოდ ბრიტანულ ქალაქებში სამოგზაუროდ გამოდგება!.
მთვარისთვის: BMW i8
მთვარეზე სამოგზაუროდ, სანტასთვის ან ეს ავტომობილი უნდა შეეთავაზებინათ, ან „ტესლა“. პრინციპში, მას ავტომობილს პირობითად თუ ვუწოდებთ. ის ზედაპირზე კი არ გადაადგილდება, დაფრინავს. და თან, ამაში რეაქტიული ძრავის ნაცვლად, მომავლის (ალბათ იონური) ძრავი ეხმარება. და მის სტანდარტულ ეკიპირებაში სკაფანდრიც შედის.
წყარო autobild.ge