კობა გვენეტაძე - დილეტანტური შეფასებაა, თითქოს ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება კომერციული ბანკის ქმედებებს უკავშირდებოდეს

მაღალი დოლარიზაციის პირობებში მკვეთრი გაუფასურება დიდ პრობლემებს უქმნის ბანკის კლიენტებს და, ამდენად, შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული, გრძელვადიანი პრობლემა/ზარალი მოიტანოს ბანკისთვის, ვიდრე ის თეორიული მოკლევადიანი მოგებაა, რომელსაც ბანკი კურსის მერყეობის გამო შეიძლება იღებდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, დილეტანტური შეფასებაა, თითქოს ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება კომერციული ბანკის ქმედებებს უკავშირდებოდეს.

”ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, რამდენიმე ეკონომისტმა კომერციული ბანკების მოქმედებებით ახსნა. თუ ბანკები ასეთ ბერკეტებს ფლობენ, რით ვართ დაზღვეული, რომ მსგავსი რამ მომავალშიც არ განმეორდება?!

- ეს დილეტანტური შეფასებაა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. კომერციული ბანკი არის თავისი აქციონერების წინაშე ანგარიშვალდებული კორპორაცია და ის ვერ აიღებს საკუთარ თავზე იმ ზედმეტ სავალუტო რისკს, რომელიც წარმოიქმნება სავალუტო ბაზარზე მაღალი მერყეობისას. ეს კონტროლდება როგორც სამეთვალყურეო საბჭოების მხრიდან, ასევე სებ-ის მიერ, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ბანკებისთვის ლიმიტები აქვს დაწესებული, რომელთა დარღვევისთვის ბანკი ჯარიმდება.

გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ფინანსურ სექტორში აქციონერები ძირითადად უცხოელები არიან, ლარის გაუფასურება მათთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ მცირდება დაბანდებული ინვესტიციიდან მოსალოდნელი უკუგება მათ საანგარიშგებო ვალუტაში. მეტიც, მაღალი დოლარიზაციის პირობებში მკვეთრი გაუფასურება დიდ პრობლემებს უქმნის ბანკის კლიენტებს და, ამდენად, შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული, გრძელვადიანი პრობლემა/ზარალი მოიტანოს ბანკისთვის, ვიდრე ის თეორიული მოკლევადიანი მოგებაა, რომელსაც ბანკი კურსის მერყეობის გამო შეიძლება იღებდეს.

ასევე, მერყეობა გაურკვევლობას ზრდის ეკონომიკური აგენტებისთვისაც, რაც უარყოფითად აისახება ბიზნესაქტივობასა და მის დაკრედიტებაზე და ამ მხრივაც არასასურველია ბანკების ძირითადი საქმიანობისთვის”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.