ახალი კანონით ფრანგებს უფლება აქვთ საღამოს საათებში სამსახურებრივ შეტყობინებებს აღარ უპასუხონ

საფრანგეთში 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, დასაქმებულებს უფლება აქვთ, ფიქსირებული სამუშაო საათების შემდეგ კოლეგებისა და დამსაქმებლისგან მიღებულ შეტყობინებებს აღარ უპასუხონ.

შრომის ახალი კანონი ფრანგულ კომპანიებს, სადაც 50-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, ავალდებულებს ახალი პოლიტიკის შედგენას სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„თანამშრომლები ფიზიკურად ტოვებენ ოფისს, მაგრამ არ ტოვებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი ელექტრონულ ფოსტაზე ძაღლებივით არიან მიბმული. ტექსტები, შეტყობინებები, ელექტრონული წერილები: ისინი პიროვნების ცხოვრების კოლონიზირებას ახდენენ“, - განაცხადა ბენუა ამონმა, პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან და განათლების ყოფილმა მინისტრმა.