ახალი წლის ღამეს, როცა ნიუ-იორკში, ტაიმს სქვერზე შეკრებილი ასი ათასობით ადამიანი ბროლის ბურთის დაშვებას სუნთქვაშეკრული ელოდა, სამმა მძარცველმა საიუველირო მაღაზიიდან 6 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების სამკაულები გაიტაცა.
სამართალდამცველებმა New York Post-ს განუცხადეს, რომ მძარცველების სამეული იმ მომენტს ელოდა, როცა ბროლის ბურთი დაშვებას დაიწყებდა. სანამ ტაიმს სქვერს 7 000-მდე პოლიციელი იცავდა, რამდენიმე ქუჩის დაშორებით, 36-ე ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზიის უკანა კარი სამმა მძარცველმა გატეხა და ძვირფასი ქვებით მორთული სამკაულები გაიტაცა.
მძარცველები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მაღაზია Gregg Ruth-ში. ეს უკანასკნელი ცნობილია უიშვიათესი ყვითელი და ვარდისფერი ბრილიანტის სამკაულებით. ერთ-ერთ მძარცველს ნიღაბი ეკეთა, მეორეს სახე კი კამერაში გარკვევით ჩანს. ყაჩაღები მალევე მიხვდნენ, რომ კამერა უღებდათ და შესასვლელთან დამონტაჟებული ვიდეოთვალი გათიშეს.
გახსნილია ორი სეიფი, საიდანაც გატაცებულია ბრილიანტებით მორთული 18-კარატიანი ოქროს სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მაღაზიის ძარცვაში შინაურის ხელი ურევია: სეიფები გატეხილი არ არის, ისინი ან წინასწარ იყო გახსნილი, ან მძარცველებმა მისი კომბინაცია იცოდნენ და სუფთად გააღეს.
სამართალდამცველები ძარცვაში ბრალდებულებს ეძებენ.