ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი 15 თეთრით გაძვირდა

ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე ავტოგაზის პარალელურად, საწვავის ფასიც გაიზარდა.

კერძოდ, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი 15 თეთრით, დიზელი კი 7-15 თეთრით გაძვირდა.

ეკო სუპერის მარკის ბენზინი დღეის მდგომარეობით, 2.34 ლარი ღირს, მაშინ როცა 28 დეკემბერს მისი ფასი 2.19 იყო; ეკო პრემიუმის ღირებულება 2.19-ია, დეკემბრის ბოლოს კი 2.04 ღირდა; ევრო რეგულარის საფასური დღეს 1.99 ლარია, ეკო ევრო რეგულარის ფასი 1.94 ლარიდან 2.09 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება დიზელს, ეკო დიზელი - 2 ლარიდან 2.15 ლარამდე, ხოლო დიზელ ენერჯი 1.88 ლარიდან 1.95 ლარამდე გაძვირდა.

1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე.