სააფთიაქო ქსელმა „ჯიპისი“-მ „ფარმადეპოს“ შეძენაზე კონკურენციის სააგენტოსგან დასტური მიიღო.
კერძოდ, როგორც სააგენტოს 28 დეკემბრის ბრძანებაშია ნათქვამი, „ჯიპისი“-ს მიერ კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაციას“ სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ აქციათა 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი გაერთიანება კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
მათივე ცნობით, სააფთიაქო ქსელების შერწყმა მომსახურების ფასზე ნეგატიურად არ აისახება.
„გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა განმარტებით, წარმოდგენილი შერწყმა ნეგატიურად არ აისახება მომსახურების ფასზე და ხელს შეუწყობს დარგის ბიზნესის განვითარებას. ასევე, ადგილი ექნება ქვეყნის მასშტაბით სარეალიზაციო ქსელებისა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, მომსახურების სერვისების გაუმჯობესებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, ეფექტიანობის, სამუშაო ადგილების ზრდას და ასე შემდეგ. გარდა ხსენებულისა, სააგენტომ დაადგინა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს შერწყმის სუბიექტების წილების მნიშვნელოვანი ზრდის, ჯვარედინი თანამონაწილეობის გზით ერთმანეთის წილების ფლობის, ხელმძღვანელი პირების მიმოცვლისა და კონკურენტებისათვის ხელის შეშლის შესაძლებლობის ნიშნები. კონცენტრაციის მონაწილე პირთა მხრიდან არ ჰქონია ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებსაც“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „ჯიპისის“ მერე სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ შეძენასაც გეგმავდა. ჯანდაცვის ჯგუფის ცნობით, „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ გაერთიანება მოხდებოდა, რომლის შედეგადაც ახალი კომპანია - JSC Georgian Pharmacy (GEPHA) შეიქმნება.