1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილება, რომლის თანახმადაც ავტომობილებზე ქონების გადასახადი დაწესდა.
ცვლილება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში უთხრეს, ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა შესაბამის პირებს 2018 წლიდან მოუწევთ.
„2017 წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოხდება. შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სწორედ 2018 წლიდან მოუწევთ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.
კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ავტომობილის ღირებულების 0.2%, ხოლო 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის დროს კი ავტომობილის ღირებულების 0.8% იქნება გადასახდელი.