ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
სწორედ ამიტომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის 20-ზე მეტი პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელთა საერთო ღირებულება 66 მილიონ ლარზე მეტია.
დაფინანსების წყარო უმეტესად უცხოური ფინანსური ორგანიზაციებია. დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი, რაც ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაციას გულისხმობს. მისი ღირებულება 13 300 000 ლარია. პროექტის დასრულება 2019 წლის მარტში იგეგმება. საპროექტო ტერიტორია დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ მონაკვეთს მოიცავს.
პროექტით განსაზღვრულია შერჩეული ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც მოიცავს პარკის, ტროტუარების, გაზონების, გარე განათების, დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. აგრეთვე, განიხილება ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, ამ მონაკვეთში არსებული ხიდების განახლება და პარკინგის მოწყობა.
ასევე, 13 მილიონიანი პროექტია დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება.
მისი დასრულება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. მსოფლიო ბანკი პროექტს 13 260 000 ლარით აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში მოხდება დუშეთში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების ფასადების რეაბილიტაცია და ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის, ტროტუარებისა და განათების მოწყობა.
დუშეთთან არის დაკავშირებული მესამე ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტიც.
დუშეთის არქეოლოგიური ბაზის შენობის რეაბილიტაციის, საექსპოზიციო სივრცის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, ჭილაშვილის სასახლის რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკი 7 735 000 ლარს გამოყოფს. პროექტი, რომელიც 2018 წლის ივნისში დასრულდება, შემდეგს გულისხმობს: სასახლის შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობის ტერიტორიის სრული მოწესრიგება და მისასვლელი გზის და ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამას გარდა, 2017 წელს სამი პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რომელთა ღირებულება 4-4 მილიონი ლარია. აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 4 700 000 ლარია და მისი დასრულება 2018 წლის თებერვალშია დაგეგმილი. პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საპირფარეშოები, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბაგირო გზის აღდგენა, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.
ბორჯომის ისტორიული მუზეუმის რესტავრაციას მსოფლიო ბანკი 4 200 000 ლარით აფინანსებს.
პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება. იგი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული მუზეუმის შენობის სრულ რეკონსტრუქციასა და საექსპოზიციო სივრცეების მოწყობას.
მცხეთის ძველი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი მსოფლიოს ბანკის მიერ 4 420 000 ლარად დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია. მისი დასრულება 2018 წლის ნოემბერში არის დაგეგმილი.
2017 წელს დიდი ყურადღება მიექცევა ზამთრის კურორტების რეაბილიტაციასაც.
წლის მეორე ნახევარში დაიწყება მიტარბის გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება. პროექტის ბიუჯეტი 2 000 000 ლარია.
პროექტი ითვალისწინებს ბაკურიანი-მიტარბის გზის რეაბილიტაციას, დიდველის საბაგიროსთან არსებული პარკინგის გაფართოებას და დამხმარე შენობების მშენებლობას.
მათ შორის იქნება ბილეთების ჯიხური, ადმინისტრაციის შენობა, შესანახი ყუთები.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში 3 000 000 ლარი დაჯდება. მისი დასრულება 2019 წლის მარტში მოხდება. პროექტი გულისხმობს როგორც პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, ასევე პარკთან არსებული ობიექტების (საციგურაო და სპორტული მოედნები) რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის შემოღობვას, ორი ღია ავტოსადგომის მოწყობას, სწრაფი კვების ობიექტების განთავსებას, ცენტრალური პარკის დაგეგმარებას, ბავშვთა სათამაშო მოედნების, საპირფარეშოების, პარკის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო დაფების მოწყობას. იხილეთ გაგრძელება