კონკურენციის სააგენტოში სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პორტალ Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადება შევიდა.
როგორც კონკურენციის სააგენტოში განაცხადეს, Booking.com-თან დაკავშირებით სააგენტოს ა(ა)იპ კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა მიმართა.
ცენტრის წარმომადგენელი სოლომონ მენაბდიშვილი მიიჩნევს, რომ booking.com-ის მიერ ადგილი აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) სავარაუდო დარღვევას.
კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, განხორციელდა Booking.com-ის ქართულ წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, პოზიციის გამოთხოვა, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაზე მოწვევა და ასევე მოხდა მოკვლევის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის 2 კვირით გაგრძელება.
„კონკურენციის სააგენტომ 10 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა მოკვლევა Booking.com-თან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული სიტუაციის შესწავლა - რამდენად გონივრული ეჭვი არსებობს და ა.შ. ამასთან, ხვალ „სკაიპით“ ერთვება Booking.com-ის წარმომადგენლი და 10 იანვრამდე გადაწყდება, კონკურენციის სააგენტო დაიწყებს თუ არა მოკვლევას“, - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.