აჭარიდან 26.523 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

აჭარიდან უკვე 26.523 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთის ფედერაციაში გაიტანეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არსებულ ორ საწარმოში 12 ათას 400-ზე მეტი ტონა არასტანდარტული მანდარინის რეალიზება მოხდა. აჭარიდან წელს ციტრუსის ექსპორტი უკარინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელორუსსა და უზბეკეთში განხორციელდა. წელს პირველად საქართველოდან ციტრუსი ყირგიზეთშიც გაიტანეს.

„არასტანდარტული მანდარინი ე.წ ენესი აჭარაში არსებულ ორ ქარხანაში ბარდება. გადამუშავებულია 12 400-ზე მეტი ტონა ციტრუსი. ამ გადამუშავების შედეგად მიიღება კონცენტრირებული წვენი, მინდა გითხრათ, რომ ეს საექპორტო პროდუქტია და ცალკე ციფრია, რომელსაც ვერ გავაერთიანებთ ექსპორტირებულ მანდარინთან. რაც შეეხება ექსპორტზე გატანილ ციტრუსის მონაცემებს, აჭარიდან 2016 წელს 26 523 ტონა ციტრუსის ექსპორტირება მოხდა. ძირითადი საექპორტო ბაზარი ჩვენთვის ისევ რუსეთი რჩება, ასევე უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, უზბეკეთი“,- აღნიშნა 2016 წლის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების ჯგუფის უფროსმა კარლო კეკელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

2015 -2016 წლის გარდამავალ პერიოდში 9 252 ტონა არასტანდარტული ციტრუსი გადამუშავდა, ხოლო ექსპორტზე 27 707, 34 ათასი ტონა გაიტანეს. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აჭარაში ამ დრომდე ციტრუსის ექსპორტი და რეალიზება გრძელდება.