მცხეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომლის დასრულებაც 2018-2019 წლებში იგეგმება. კომპლექსს შპს „სევსამორა ვილა“ აშენებს.
კომპანია მცხეთაში 5 300 000 ლარის ინვესტირებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში 41 ნომრიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კორპუსი, ცალკე მდგომი დასასვენებელი სახლები, სარესტორნო კომპლექსი, დახურული და ღია აუზები, სპა ცენტრი, ღვინის მუზეუმი და სპორტულ-საბავშვო მოედნები აშენდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტურისტული კომპლექსი ეკო ტურიზმის თემასთან მჭიდრო კავშირში იქნება. სასტუმროში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც მათ შორის კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. ამასთან, კომპანიამ უკვე შეიძინა რამდენიმე სავენახე მიწის ნაკვეთი, სადაც ბიოტექნოლოგიით მოვლილ ტერიტორიებზე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის სახეობები.
მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურასა და სოფელ საგურამოში მდებარე 3 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ,,სევსამორა ვილას“ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საბაზრო ფასად, 104 261 ლარად გადასცა საკუთრებაში.