”ყაზტრანსგაზ თბილისი” დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდას ტემპერატურის მკვეთრ კლებას უკავშირებს

”ყაზტრანსგაზ თბილისი” ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდას ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო გაზის გაზრდილ მოხმარებას უკავშირებს.

ამის შესახებ ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ დეკემბერში ბუნებრივი აირის ხარჯი გაიზარდა.

”გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა. ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო 2015 წლის დეკემბერთან შედარებით”, - განაცხადა ნინო თურმანიძემ.

მისივე თქმით, ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით. შესაბამისად, დეკემბერში მოხმარებული გაზი აღირიცხა აბონენტების მრიცხველებზე. თურმანიძის თქმით, ნებისმიერ აბონენტს დაინტერსების შემთხვევაში საშუალება აქვს თვითონ იანგარიშოს მოხმარებული გაზის მოცულობა და საფასური.

”თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 40 40 04, ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეამოწმებენ აღირცხვის კვანძს”, - განაცხადა თურმანიძემ.

რაც შეეხება გაზის ხარისხს, ”ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, რომ კომპანიას ბუნებრივ აირს აწვდის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და სწორედ ისაა პასუხისმგებელი გაზის ხარისხზე. თურმანიძის თქმით, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამოწმებს გაზის ხარისხს და დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ხარისხი შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, თურმანიძის თქმით, ”ყაზტრანსგაზ თბილისს” ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადით სემეკისთვის არ მიუმართავს.