კომერციული ავიაციისთვის 2016 ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო წელი იყო

2016 წელი კომერციული ავიაციის ისტორიაში მეორე ყველაზე უსაფრთხო წელია. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Aviation Safety Network-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, 2016 წელს მსოფლიოში სამოქალაქო დანიშნულების ბორტებზე 19 სერიოზული საავიაციო შემთხვევა მოხდა, რასაც ჯამში 325 ადამიანი ემსხვერპლა. კვლევის თანახმად საავიაციო შემთხვევათა ყველაზე დაბალი რაოდენობა, კერძოდ კი 16 საავიაციო შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, მსხვერპლის რაოდენობით კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს გამოვლინდა - 265 დაღუპული.

Aviation Safety Network-ის კვლევის მიხედვით, 2016 წლის ყველაზე მძიმე საავიაციო შემთხვევა 28 ნოემბერს, კოლუმბიის საჰაერო სივცეში მოხდა - ბოლივიური ავიაკომპანია LaMia-ს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 71 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამავე კვლევის მიხედვით, 2016 წელს მომხდარ ორ საავიაციო შემთხვევაში (EgyptAir Flight 804, Daallo Airlines Flight 159) ტერორიზმის კვალი ვლინდება, 19 საჰაერო ხომალდიდან 2 კი (Daallo Airlines, Tara Air) ევროკავშირის ე.წ. „შავი სიის“ ოპერატორ კომპანიას ეკუთვნოდა. რაც შეეხება ტენდენციებს, Aviation Safety Network-ის კვლევებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე მკვეთრად არის შემცირებული აფრენისა და დაფრენის ფაზებში მომხდარი შემთხვევების რაოდენობა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 2016 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში ან საქართველოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე ფატალური შედეგით დასრულებული საავიაციო შემთხვევა არ მომხდარა.

სააგენტოს პროგნოზით, 2017 წელს მსოფლიოში დაახლოებით 35 მილიონი კომერციული ფრენაა მოსალოდნელი. აქედან სერიოზული საავიაციო შემთხვევა ყოველი 3 200 000-დან მხოლოდ ერთ ფრენაზე ივარაუდება.