კომერციულ ბანკებში სესხების გალარების პროგრამა ჯერ არ დაწყებულა, მიუხედავად მოლოდინისა, რომ გალარება 2017 წლის იანვრიდან იქნებოდა შესაძლებელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსს“ მოქალაქეებიც დაუკავშირდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ კომერციულ ბანკებს გალარების თხოვნით მიმართეს, თუმცა ბანკებში უთხრეს, რომ პროგრამა ჯერ არ დაწყებულა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ეროვნულ ბანკში“ უთხრეს, საბანკო სესხების გალარების პროგრამა სავარაუდოდ 15 იანვრის შემდეგ დაიწყება, როცა პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონები ძალაში შევა. თუმცა, ზუსტ თარიღს, თუ როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა, ეროვნულ ბანკში ვერ ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ პროგრამის დაწყების ზუსტი თარიღი და კრიტერიუმები უახლოეს მომავალში მთავრობის შესაბამისი განკარგულების მიხედვით განისაზღვრება.
მთავრობის ინიციატივის ერთჯერადი სოციალური აქციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემული სესხები ლარში გადავა. სესხების გალარება გალარების დღეს არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის (20 თეთრის) ოდენობით მოხდება. ხოლო კურსთაშორის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, მოქალაქეებს, რომლებიც ჩათვლიან, რომ ერთ რომელიმე ბანკში დოლარში აღებულ სესხს, სხვა ბანკში უკეთესად გაალარებენ, სხვა მათთვის სასურველ ბანკში გალარებაც შეეძლება.
სუბსიდირება 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, 100 ათასი ლარის მოცულობის საბანკო სესხებს შეეხება, რომლის ნარჩენი ღირებულებაც 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს არ აღემატება.
ხოლო თუ სესხის მოცულობა 100 ათას ლარზე მეტია, სუბსიდირება მოხდება 100 ათასის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 150 ათასი, მოხდება 100 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 50 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, სუბსიდირების გარეშე მოხდება მისი გალარებაც.
თაია არდოტელი