ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს მოუწოდებს, გაზის გადასახადთან დაკავშირებით ნებისმიერი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში ენერგოომბუდსმენის აპარატს მიმართონ.
როგორც ენერგოომბუდსმენის აპარატი იუწყება, სოციალურ ქსელებში ორი დღის განმავლობაში აქტიურად არის საუბარი დედაქალაქში დეკემბრის თვეში ბუნებრივი გაზის შესამჩნევად გაზრდილი გადასახადის თაობაზე.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი უცვლელია, შესაბამისად, მაღალი გადასახადი არ უკავშირდება ტარიფს. შპს ,,ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ადმინისტრაციამ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს დაუდასტურა, რომ დეკემბრის თვეში ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია, შესაბამისად, სისტემურ ხარვეზებს ადგილი არა აქვს. აგრეთვე, გამორიცხულია ნებისმიერი შეცდომა აღრიცხვიანობის თვალსაზრისით. კომპანია გაზრდილ გადასახადს უკავშირებს ცივი სეზონის პიკს და წინა წლებთან შედარებით გაცილებით დაბალ ტემპერატურასა და ყინვებს. ენერგოომბუსდმენი მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუკი მცირედი ეჭვი მაინც არსებობს კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით, თუ აბონენტი კატეგორიულად არ ეთანხმება გადასახადს ან სურს მრიცხველის შემოწმება, მოგვმართოს შემდეგ მისამართზე: მიცკევიჩის ქ. #19. თითოეული განცხადება შესწავლილი იქნება ინდვიდუალურად. ენერგოომბუდსმენის აპარატი მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.