"ბლუმბერგი" - ტრამპის კომპანია საქართველოში „ტრამპ თაუერის“ პროექტიდან გავიდა

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კუთვნილმა კომპანია Trump Organization-მა საქართველოში განსახორციელებელ პროექტ „ტრამპ თაუერის“ მშენებლობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, Trump Organization-მა და მისმა პარტნიორმა საქართველოში „სილქ როუდ ჯგუფმა“ ელექტრონული ფოსტით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „მხარეებმა ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის ოფიციალურად დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს“.

ბათუმში 47-სართულიანი კომპლექსის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის იდეა 2010 წელს, ნიუ იორკში "სილქ როუდ ჯგუფის" ნიუ იორკის ოფისის და ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია „სილქ როუდ ჯგუფს“ 2011 წლის მარტში, ნიუ იორკში, სალიცენზიო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის შემდეგ გადაეცა. „ტრამპ თაუერს“ ბათუმის მშენებლობის განხორციელება ე.წ. „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე გადაწყდა. 2012 წლის აპრილში დონალდ ტრამპი ბათუმში პროექტის პრეზენტაციას თავად დაესწრო, თუმცა პროექტის განხორციელება შეჩერდა. პროექტის ღირებულება 250 მილიონი დოლარი იყო.

გასული წლის დეკემბერში კომპანია The Trump Organization-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანსა და ბრაზილიაში სასტუმროსთვის ლიცენზიის გაცემის გარიგება გააუქმა.