გენადი არველაძე - ჩინეთისთვის საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში

საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. 


”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის ”ვეისინის“ მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა. 


საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების გადაწყვეტილება 2015 წელს ჩინეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იქნა მიღებული. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

”ჩინეთის კომერციის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, სადაც ძირითად ეკონომიკურ მოვლენებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც მოხვდა, იმას ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის საქართველო რეგიონში წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს, რაც საქართველოს შესახებ მათ მაღალ ცნობიერებაზე მიანიშნებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარდა.

”ამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი გიორგი კვირიკაშვილის როლი. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ 2015 წლის მარტის თვეში ჩინეთში ვიზიტის დროს. ეს იყო შედეგი, რომელიც მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯებით განახორციელა“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისი განცხადებით, აღსანიშნავია ექსპორტის კუთხით ის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ჩინეთთან დაფიქსირდა.

”ეს არის ექსპორტის თითქმის 50%-ზე მეტი ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პროდუქციებს შორის, რომელზეც დაფიქსირდა ექპორტის ზრდა, მნიშვნელოვანია ღვინო - ის თითქმის 100% -ით არის გაზრდილი. 2016 წლის მონაცემებით, ჩინურ ბაზარზე 5 300 000 ბოთლი ღვინო გავიდა. ასევე ხაზგასასმელია, რომ პირველად დაფიქსირდა მანგანუმის ოქსიდის ექსპორტი ჩინეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროდუქციების ჩინეთის ბაზარზე პოზიციონირებისთვის“, - აღნიშნა არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ გაზრდილ საექსპორტო პროდუქციას შორის ასევე დაასახელა სპირტიანი სასმელები, რომელიც 15-ჯერ არის გაზრდილი, ასევე ლუდი, სპილენძის მადანი და ა.შ.

”ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტიორები პოზიციონირებენ ჩინეთის ბაზარზე და იზრდება ჩვენი საექსპორტო პროდუქცია. მნიშვნელოვანია ჩინეთთან თანამშრომლობა ასევე აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. ამ კუთხითაც ჩინეთისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პარტნიორს წარმოვადგენთ. თავისუფალი ვაჭრობა იქნება ხელშემწყობი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველო იყოს სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისივე განცხადებით, ჩინეთთან 46%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული ტურიზმშიც - დაახლოებით 14 000 ვიზიტორი ესტუმრა ჩინეთიდან საქართველოს, რასაც ხელი შეუწყო პირდაპირმა ფრენებმა, რომელიც 23 სექტემბრიდან დაინიშნა თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2016 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრმა გაო ჰუჩენგმა მოაწერეს ხელი. ამ ეტაპისთვის დარჩენილია მხოლოდ სამართლებრივი პროცედურები, რაც ხელმოწერისთვის არის საჭირო ორივე მხარისთვის.

ამ პროცედურების დასრულების შემდეგ ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება.