მანგლისში ახალი ხიდი შენდება, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე არსებული ქვის თაღოვანი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დაბა მანგლისში - უსახელო ღელეს გადაკვეთაზე მდებარეობს. ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მანგლისის საკურორტო ზონაში ტურისტები და დამსვენებლები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
„პროექტით გათვალისწინებულია: ახალი რკინა-ბეტონის ერთმალიანი თაღოვანი კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და შემოფარგვლის მოწყობის სამუშაოები; განხორციელდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ დროისთავის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 832 900 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.