თბილისის მერიასთან სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონში სუხიშვილის ქუჩაზე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეწყდება, ისინი პროტესტის სხვა ზომებსაც გამოიყენებენ. ასევე აპირებენ სასამართლოში საქმე შეიტანონ.
საპროტესტო აქციის პარალელურად, თბილისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, ასევე სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მოსიძე, საკრებულოს დეპუტატი ია მაკასარაშვილი და თავად ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.
შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.