დავით კობახიძე დაახლოებით ოცი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ქართველი კოლექციონერი საკმაოდ იშვიათი და მდიდარი კოლექციის მფლობელია. დღეს დავით კობახიძის კოლექციაში გიგო გაბაშვილის შედევრები, პიკასოს ნამუშევარი და მსოფლიო სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია.
- ჩემი პირადი კოლექციიდან ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ბიზანტიური ხატი, რომელიც ამერიკაში შევიძინე. ეს ხატი ტაო-კლარჯეთის მიწაზეა ნაპოვნი და მე ნიუ იორკში აღმოვაჩინე, როდესაც მეგობართან ერთად მანჰეტენზე ვსეირნობდი. სრულიად შემთხვევით შევედით გალერეაში, სადაც ბევრი ის ნივთი იყიდება, რომლებიც ჩვენს წელთაღიცხვამდეა დათარიღებული. ხატს რომ შევხედე, ქართული მეგონა. როგორც გალერეაში მითხრეს, ხატზე ქართველი მეფეა გამოსახული. ამ ხატს საქართველოში ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა. ოჯახში ასევე გვაქვს დედა პარასკევას მოოქროვილი ხატი, ამ ხატის ასლებს ახლა ბულგარეთში ამზადებენ. ჩვენმა ოჯახმა ხატი 1972 წელს შეიძინა.
- როგორ იქმნებოდა თქვენი უნიკალური კოლექცია?
- კოლექციონერობა ნარკოტიკივითაა, რაღაცას რომ შეიძენ, მერე კიდევ უფრო მეტი გინდება. პირველად ამერიკაში ქართული ნახატი, გიგო გაბაშვილის ნამუშევარი შევიძინე, რომელიც გიგო გაბაშვილის შედევრებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. მსურდა გიგო გაბაშვილის ნახატი მქონოდა და ზოგჯერ ჩვენი სურვილები მართლაც სრულდება. ისე ვნატრობდი, ვერც წარმომედგინა თუ შევიძენდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი ნახატი რომ ჩემთან აღმოჩნდა, შემდეგ გიგო გაბაშვილის კიდევ ორი შედევრი ნამუშევარი შევიძინე.
- კიდევ რომელი მხატვრების ნამუშევრებია თქვენს კოლექციაში?
- ცნობილმა რუსმა კოლექციონერმა - ალექსანდრე გლეზერმა მაჩუქა პაველ ნიკიფოროვის "ხარის თავი". პაველ ნიკიფოროვის ცხოვრება ძალიან ჰგავს ფიროსმანის ცხოვრებას. იგი ქუჩაში და მიწისქვეშა გადასასვლელებში ხატავდა, ლოთობდა და ქუჩაში ისე გარდაიცვალა, არაფერი გააჩნდა. შემდეგ მთელ მსოფლიოში მოიძიეს მისი ნამუშევრები და ჯერჯერობით აუქციონზე გატანას ვერავინ ბედავს.
- კოლექციაში ასევე გაქვთ პიკასოს ნამუშევარი...
- დიახ. პიკასოს ნახატი ამერიკაში იმ პერიოდში შევიძინე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი იყო. 2010 წლიდან 2014 წლამდე ამერიკას რთული პერიოდი ჰქონდა და ზოგჯერ ვან გოგის ნამუშევრებიც აღარ იყიდებოდა. მაშინ შევიძინე პიკასო, თორემ სხვა პერიოდში შეძენას ვერ შევძლებდი. ეს ნახატი ხრისტიან ზერვოს კატალოგშია შესული და მხოლოდ კატალოგი თითქმის ასიათასი დოლარი ღირს.
ჩემთვის ძვირფასია ანტონია სირენას ნახატიც, რომელიც ასევე სრულიად შემთხვევით შევიძინე.…ანტონია სირენა ამერიკაში, 1936 წელს დაიბადა.
ერთი წლის რომ იყო, მისმა მშობლებმა საცხოვრებლად იტალიაში გადასვლა გადაწყვიტეს. გზაში ტრაგედია მოხდა, მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და ყველა დაიღუპა. სირენა ერთ-ერთმა ოპერის ცნობილმა მომღერალმა გადაარჩინა და მისი გაზრდაც იკისრა. სირენაც ოპერის მომღერალი გახდა, მაგრამ უეცრად ხატვა დაიწყო, რაც უკეთესად გამოუვიდა, ვიდრე სიმღერა. სტუდია ჰქონდა მილანში, სადაც ძალიან ცნობილი გახდა. მისი ნახატები შეიძინეს ლუჩანო პავაროტიმ, რომის პაპმა, სილვიო ბერლუსკონიმ, სოფი ლორენმა... ვატიკანის მუზეუმში სირენას ორი ნამუშევარია გამოფენილი. ერთ-ერთ გამოფენაზე პიკასომ რომ ნახა მისი ნამუშევრები, ძალიან მოეწონა და თქვა - მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს ეს ნახატებიო.
- კიდევ რომელი მხატვრების ნამუშევრების შეძენას გეგმავთ?
- ძალიან მომწონს ქართველი მხატვრები. აუცილებლად უნდა იცნობდნენ მსოფლიოში დავით კაკაბაძეს, ელენე ახვლედიანს და სხვებს... საბედნიეროდ, არსებობს ინტერესი ქართველი მხატვრების მიმართ, რაც ძალიან კარგია. სამომავლოდ ისევ ქართველი მხატვრების ნახატებით მსურს გავამდიდრო ჩემი კოლექცია.მანანა გაბრიჭიძე