რა იცით ჯუჯა კაკლების შესახებ? ალბათ ბევრი არაფერი, რადგან ეს ჯიში ჩვენს მიწაზე ახლა იკიდებს ფეხს. სამაგიეროდ, მასზე მოთხოვნა მატულობს. ჯუჯა კაკალი ნაყოფს დარგვიდან მეხუთე წელს გვაძლევს და საკმაოდ მსხმოიარეა. თქვენთვის უფრო ვრცლად რომ გაგვეცნო ჯუჯა კაკლები, სოფელ საყდრიონს მივაშურეთ. ეს ულამაზესი სოფელი თიანეთის რაიონში მდებარეობს. საყდრიონში დოლიძეების ოჯახს ყველა იცნობს. ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი ევა ოთარაშვილი ქალის და კაცის საქმეს დიდი სიყვარულით უთავსებს ერთმანეთს და თავისი ბაღით ყველა აღტაცებაში მოჰყავს.
ქალბატონმა ევამ სახლში მიგვიპატიჟა და საკუთარი ნაშრომ-ნაამაგარის საჩვენებლად წინ გაგვიძღვა. კარ-მიდამო დავათვალიერეთ, ჯუჯა კაკლების ნერგებმა კი მართლაც აღტაცებაში მომიყვანა. გამრჯე დიასახლისმა ალალად გაგვიზიარა თავისი ნახელავის საიდუმლო. ყველაზე მთავარი კი წინ გველოდებოდა...
უზარმაზარ ტერიტორიაზე ჯუჯა კაკლების ბაღი ვიხილეთ. ჰექტარის 30/100-ზე მწკრივად ჩაყოლებული 70-ზე მეტი ჯუჯა კაკლის ხეა დარგული.
- ნერგები ოთხი წლის წინ შემოდგომით დავრგე. წელიწადში ორჯერ, შემოდგომა-გაზაფხულზე ვბარავ ხოლმე, - მიამბობს ქალბატონი ევა.
- როგორ გამოგყავთ კაკლის ნერგები?
- ნერგები სახლის ეზოში მაქვს გამოყვანილი. კაკალს შემოდგომაზე ვთესავ, წვეტით მაღლა. კაკლის დაწვენაც შეიძლება - ამ ნერგების ერთი მწკრივი რომ დავრგე, წვეტი დაბლა იყო, მეორე მწკრივისა - მაღლა. ყველა ერთნაირად კარგად და "გაუცდენლად" ამოვიდა... მერე გადავწყვიტე, ჯუჯა კაკლების ბაღი უფრო დიდ ტერიტორიაზე გამეშენებინა. ნერგები დიდ ფართობზე გადმოვიტანე და მწკრივზე დავრგე - 7 მ სიგანეზე და 7 მ სიგრძეზე. მოცულობა ხეებს შორის გასათვალისწინებელია. ამ ჯიშს 7-8 მ დისტანცია ყოფნის. რომ გაიზრდებიან, ერთმანეთზე არ უნდა გადავიდნენ. სხვა ჯიშის კაკლები დიდები იზრდებიან, ამიტომ მათ შორის მანძილი სიგრძეშიც და სიგანეშიც 10-12 მეტრი უნდა იყოს.
- როგორ უნდა მოვუაროთ ჯუჯა კაკლებს?
- გვალვის დროს წყალი ძალიან უყვარს. როგორც უკვე გითხარით, დაბარვა წელიწადში ორჯერ სჭირდება - შემოდგომა-გაზაფხულზე. ვბარავ ჯამისებურად ანუ მრგვლად, ფესვში წყალი მეტი რომ ჩავიდეს. ყველაზე კარგია ბუნებრივი სასუქი, ნაკელს თუ დავაყრით, ძალიან მოუხდება.
- როგორ მოხვდა თქვენთან ჯუჯა კაკლის ნაყოფი?
- ჩემმა ძმამ გამომატანა სამი ცალი კაკლის ნაყოფი. მითხრა, კარგი ჯიშიაო. მაშინ არ ვიცოდი, ჯუჯა კაკალი თუ იყო, ისიც არ ვიცოდი, მეხუთე წელს თუ მოისხამდა. იმ დროს კაკლის მოვლით არ ვიყავი დაინტერესებული. არც იმაზე მიფიქრია, ბაღს თუ გავაშენებდი. ისე, სულ ვოცნებობდი ყველანაირი ხეხილით სავსე ბაღზე. ჩემი ძმის მოცემული კაკლის ნაყოფი რომ დავრგე, რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთმა კაკალმა 24 ცალი გამოიბა. ჯუჯა კაკალს ასე სცოდნია. აქედან გავიგე, რომ თურმე ჯუჯა კაკალი მქონია. ნერგები რომ გამოვიყვანე, ძილი გამიკრთა - როგორ შემომეღობა მიწის ნაკვეთი, როგორ გადამეტანა მოზრდილ ტერიტორიაზე და ბაღი გამეშენებინა. ჩემი ოცნება უკვე ასრულდა. ჯუჯა კაკლებისთვის ტერიტორია 2011 წელს შემოვღობეთ და კაკლებიც გადმოვიტანე. 2012-2013 წლებში ფესვში გაიზარდნენ, შარშან და წელს კი ზევით წამოვიდნენ.
გვალვა არ უხდება ამ კაკალს, წყალი უყვარს. სადაც გრუნტი წყლებია, იქ კაკალი ძნელად იხარებს, ფესვს ძალიან აზიანებს და შეიძლება გახმეს.
ჯუჯა კაკლები ყველა მხარეში ხარობს. თიანეთში მთა არის, აქ ხეირობს და სხვაგანაც კარგად გაიხარებს. მგონია, რომ ამ კაკლის ჯიში აფხაზეთიდან არის წამოღებული.
- ჯუჯა კაკალი იშვიათი ჯიშია?
- ნაადრევად რომ ისხამენ, ესე იგი განსაკუთრებული ჯიშია. ეს ნერგები აქ მარტო მე მაქვს, სხვას არავის.
- ამ ყველაფერს რისთვის აკეთებთ, რეალიზებას თუ ახდენთ?
- ადრე მხოლოდ გაჩუქებაზე ვიყავი. ვერავინ დავაინტერესე ჯუჯა კაკლის მოშენებით. არადა, სამომავლოდ ამაზე კარგი არაფერია, თანაც არ ფუჭდება. კაკალი ყველაზე კარგად 10 წლის მერე ისხამს. იცი, რას ვფიქრობ? ეს კაკლები მარტო შემოსავლის წყარო როდია, ამ ხეებს რომ ვნახავ დახუნძლულს, ჩემი სიმდიდრე ის იქნება. რამდენი წელიც გინდა გქონდეს ეს კაკალი, ბურნას არ მოიკიდებს. თანაც ძალიან გემრიელია... ნიგვზის ისე ჭამაც სასარგებლოა... ამ ყველაფერს მე ვუვლი. დაბარვაში ხანდახან ჩემი მეუღლე მეხმარება. ძილი რომ გამიკრთება, ყველა კაკლის ძირში მივდივარ და ვაკვირდები, რამე ხომ არ უჭირს. შვილებივით მყავს ჩემი ჯუჯა კაკლები.
წარმოშობით ზედა თიანეთიდან ვარ. პროფესიით ბიბლიოთეკარი გახლავარ, საყდრიონში 1960 წელს დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ აქ ვარ. ბიბლიოთეკარობასთან ერთად შეთავსებული მქონდა მეყვავილეობა. ჩემი სახლის ეზოში ყველანაირი ყვავილი მქონდა დარგული. მერე შემოსავლის წყაროდაც ვაქციე. ბოლოს მებაღეობით დავკავდი. კაკალთან ერთად ყველა ხილი გავაშენე. უეკლო მაყვალსაც ვაშენებ. ძირითადად ყველაფერი ჩემი საზრუნავია.
- სულ რამდენი ძირი გაქვთ დარგული?
- 70-მდე იქნება, შეიძლება ცოტა მეტიც იყოს. მთელი სულითა და გულით ვუვლი და მომავალშიც მოვუვლი, ამათი ნაყოფი რომ დავინახო.
- კაკლის მოსავალს როდის ელოდებით?
- ვფიქრობ, გაზაფხულზე ნიშანს გამოიღებს. ახალდარგულ ჯუჯა კაკლებს პირველად უნდა ხელის შეწყობა. კაკლის ხეს ხავსი უჩნდება ხოლმე, იმას უნდა გასუფთავება. ყველა ხის ძირში ნაკელი მაქვს დაყრილი. მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ. წელს ნაკლებად ასხია, შარშანწინ კარგად ესხა. მომავალში კიდევ უფრო მეტს დაისხამს. ესენი ახლა შეუმჩნევლად წამოიზრდებიან.
ჩემი დიდი ოცნება და სურვილია, ჩემი ჯუჯა კაკლები დიდები და დასხმული დავინახო. ძალას და ენერგიას არ დავიშურებ, ყურადღებას არ მოვაკლებ. 100 ძირი მომყავდა ხოლმე და სულ საჩუქრად ვაძლევდი. ზოგს არც კი უნდა, რომ მისცე, მოვლა ეზარება. თუ არ მოუვლი, ნურც კაკლის ცოდვას დაიდებ და ნურც ფულს გაიღებ-მეთქი, ვამბობ ხოლმე. თუ ვინმე კაკლის ბაღს გააშენებს, ძალიან გამახარებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. მიყვარს მშრომელი ხალხი.
თეა ცაგურიშვილი
წყარო: shin.ge