კახა კალაძე - არავის მივცემთ ჩვენი მოსახლეობის მოტყუების საშუალებას

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობა მოატყუოს , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადა, სადაც მან დეკემბერში გაზის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებზე კომპანია „ყაზტრანსგაზისა“ და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არასწორი გადასახადის გადახდა უწევთ აბონენტებს ბუნებრივ აირზე. თუმცა, მინისტრის განცხადებით, კომპანიამ კონკრეტული ქვითრები შეისწავლა და დადგინდა, რომ არანაირი პრობლემა არ არის.

კახა კალაძის თქმით, უბრალოდ ბუნებრივი აირის მოხმარებაა გაზრდილი.

„ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოს ან დაჩაგროს ჩვენი მოსახლეობა. სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიდის საუბარი, რომ თითქოს არასწორი გადასახადის გადახდა უწევს მოსახლეობას ბუნებრივ აირზე, ეს ასე ნამდვილად არ არის. ვისაც ჰქონდათ პრეტენზიები და წარმოადგინეს ქვითრები, ეს იქნა შემოწმებული „ყაზტრანსგაზის“ მიერ და დადგინდა, რომ არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ, მოხმარებაა გაზრდილი. ამას თავისი ახსნა აქვს. დეკემბერ-ნოემბერში ჰაერის ტემპერატურა მართლა ცივი იყო 2015-2014 წლებთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე გაზრდილია ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება და ეს განპირობებულია იმითაც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა მივმართო ყველას, თუ ვინმეს ექნება რაიმე პრეტენზია „ყაზტრანსგაზის“ მიმართ, მიმართოს კომპანიას, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე, ისინი მაქსიმალურად მობილიზებულები და ვალდებულები არიან და მივლენ კონკრეტულ აბონენტთან, ადგილზე შეამოწმებენ მრიცხველს და ქვითარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მინისტრი გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტს.

მისივე თქმით, სიუჟეტში გაჟღერებული იყო არასწორი ინფორმაცია, რადგან მოხდა მარტში ბუნებრივი აირის მოხმარების შედარება დეკემბრის თვესთან.

„მე ვთხოვე, აეხსნა ეს ყველაფერი კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელს და გაირკვა, რომ არასწორი ინფორმაცია იყო გაჟღერებული, რადგან მოხდა მარტის მოხმარების შედარება დეკემბერთან. მარტსა და აპრილში გაზის მოხმარება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზამთარში. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტელევიზია ამ შეცდომას გამოასწორებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.