სიგარეტი დღეს კიდევ გაძვირდა. კერძოდ, როგორც თბილისის რამდენიმე ჯიხურში აცხადებენ, ზოგიერთი სიგარეტის ფასმა 6 იანვარს 40-50 თეთრით მოიმატა.
კერძოდ, 50 თეთრით - 3.30 ლარიდან 3.80 ლარამდე გაძვირდა „მალბორო“; ასევე 50 თეთრით გაძვირდა „პარლამენტიც“, რომლის ფასმაც 4 ლარიდან 4.50 -მდე მოიმატა; 50 თეთრით გაძვირდა „ჩესტერი“ და „ელემიც“; სიგარეტი „ბონდის“ ფასმა კი 40 თეთრით მოიმატა.
რამდენიმე დღის წინ 10 თეთრით გაძვირდა „ემემი“, რომლის ფასი 2.50 ლარიდან 2.60 ლარამდე გაიზარდა; 20 თეთრით 2.50 ლარიდან 2.70 ლარამდე გაძვირდა „გალუაზი“.
სიგარეტზე ფასის მატება ჯერ კიდევ ახალ წლამდე, დეკემბრიდან დაიწყო და მაშინ ფასები 20-30 თეთრით გაიზარდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 20 თეთრით გაძვირდა „კენტი“ და „ვინსტონი“; „მალბოროსა“ და ”პარლამენტის” ფასმა კი 30 თეთრით მოიმატა.
1 იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა. ექსპერტთა პროგნოზით, აქციზის გაძვირება სიგარეტის ფასის 50-60 თეთრით გაზრდას გამოიწვევს.
მარიამ ლორთქიფანიძე